მომღერალი ირაკლი ნოზაძე - როგორც ჩანს, ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა, მითხრეს, გადაცემაში მოგებული ფული სალომე ზურაბიშვილმა გადაგიხადოსო
მომღერალი ირაკლი ნოზაძე - როგორც ჩანს, ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა, მითხრეს, გადაცემაში მოგებული ფული სალომე ზურაბიშვილმა გადაგიხადოსო

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მონაწილეობის გამო, „რუსთავი 2“-მა გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მოგებული თანხის გადახდაზე უარი მითხრა, – ამის შესახებ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ჩანს, ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა! კიდევ ერთი ამბავი, სად არის სიმართლე, ევროპა, დემოკრატია… ცოტა ხნის წინ, „რუსთავი 2“-ის პროექტ „ფარულ კონვერტში“ 5 900 ლარი მოვიგე, გადაცემა რამდენიმე დღეში ეთერში უნდა გასულიყო. როცა დავინტერესდი და დავრეკე, მითხრეს, მომავალ ორშაბათს გავაო. მერე არჩევნებია და ეთერში არ გადისო.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში გამოჩენისთანავე, დამიკავშირდა გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი (ეკა) და მითხრა, ფული სალომემ გადაგიხადოსო.

ამას ვამბობდი, სწორედ ეს არის სწორი საქციელი, ევროპაც და მათი თვალით დანახული დემოკრატიაც.

მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობ ამ გადაცემის პროდიუსერებთან და ვაფასებ მათ ნიჭიერებასა და მეგობრობას, მაინც ძალიან მეწყინა.

ბევრი ფული ნამდვილად არ მაქვს, თუმცა რახან ასეა, მირჩევნია ეს 5 900 ლარი „რუსთავი 2“-ელებმა გაინაწილონ“, – წერს ირაკლი ნოზაძე.