ზუგდიდში სკრინინგცენტრისთვის სლოვაკეთმა 39 000 ევრო გამოყო
ზუგდიდში სკრინინგცენტრისთვის სლოვაკეთმა 39 000 ევრო გამოყო

ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანამ, სლოვაკეთმა ზუგდიდში სკრინინგცენტრის მოსაწყობად 39 000 ევრო გამოყო. თანხა სკრინინგცენტრის სამედიცინო აპარატურით აღჭურვას მოხმარდება.

ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა  ფინანსური დოკუმენტი ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორს, რემა ღვამიჩავას პირადად გადასცა.

როგორც ღვამიჩავამ მედიასთან განმარტა, ზუგდიდში ჩეხეთის მხარდაჭერით სრულიად ახალი შენობა აშენდა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვა. მისივე თქმით, სკრინინგცენტრი მაისის ბოლოს გაიხსნება და იქ არსებული სერვისებით სარგებლობა შეეძლება როგორც რეგიონის, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას.

„სრულიად ახალი შენობა იქნა აშენებული ზუგდიდში და დაფუძნდა სკრინინგცენტრი, რომლის შენობა დასრულებულია, ავეჯით აღჭურვილია სრულად და ახლა მიდის სამედიცინო აპარატურით აღჭურვა. ეს იქნება ევროპული სტანდარტებით აშენებული და ევროპული დონის აპარატურით აღჭურვილი. სწორედ ამისთვის მოხდა დღეს სლოვაკეთის ეუთო-ში თავმჯდომარეობის მხარდაჭერით თანხის გადმორიცხვა. ეს გახლავთ 39 000 ევრო. სადღაც მაისის ბოლოს დაგპატიჟებთ ყველას ამ ცენტრის გახსნაზე, რომელიც მოემსახურება მთლიანად სამეგრელო-ზემო სვანეთს, ასევე გურიას, რაჭა-ლეჩხუმს ისევე, როგორც პირობით ხაზს იქით მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთიდან. მოგეხსენებათ ზუგდიდის მნიშვნელობა. იქ არის ბევრი ლტოლვილი. ის არის ჩვენს პირობით ხაზთან ახლოს, რომლის მეორე მხარეს ჩვენი თანამოძმეები ცხოვრობენ“, – რემა განაცხადა ღვამიჩავამ.

საქართველოს დასახმარებლად 39 000 ევრო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის განვითარების ფონდიდან გამოიყო. ამის შესახებ დღეს ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რატომ ვართ ჩვენ დღეს აქ – სლოვაკეთი ეუთო-ს 2019 წლის თავმჯდომარე ქვეყანაა. ჩვენ გვინდა, ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება განვამტკიცოთ. თუ გვინდა შედეგიანი იყოს, დიალოგში ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები უნდა ჩავრთოთ“, – აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა.

მისივე თქმით, სტაბილურობა ეუთო-ს მთავარი სამოქმედო საკითხია.

„ადამიანები უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას იმსახურებენ. ჩვენ შეგვიძლია დიდი მოვლენები განვახორციელოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კიბო ეს არის სიკვდილიანობის გამომწვევი მეორე ძირითადი მიზეზი და შეგვიძლია, ერთად ვებრძოლოთ ამ დაავადებას დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მეშვეობით. ზუგდიდში სკრინინგცენტრი სწორედ ამ მიზანს მოემსახურება. ცენტრი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში მცხოვრებ ადამიანებს გაუწევს მომსახურებას. ასევე, მოემსახურება გალში ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს. ასეთ სკრინინგზე იძულებით გადაადგილებულ პირებს სათანადო დონეზე ხელი არ მიუწვდებათ, რაც უმნიშვნელოვანესია. ამ სკრინინგცენტრისთვის სლოვაკეთის განვითარების ფონდიდან 39 000 ევროა გამოყოფილი და ეს ძალიან პატარა ჟესტია, რომელიც ხელს დიდი საქმეების გაკეთებას შეუწყობს“, – განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა.

პრესკონფერენციას წინ უძღოდა გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.