მიროსლავ ლაიჩაკი - ნატო-ში, ევროკავშირსა და ეუთო-ში მიღებულ დოკუმენტებს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ არავისთვის გამხდარა მისაღები ის, რაც 2008 წელს მოხდა
მიროსლავ ლაიჩაკი - ნატო-ში, ევროკავშირსა და ეუთო-ში მიღებულ დოკუმენტებს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ არავისთვის გამხდარა მისაღები ის, რაც 2008 წელს მოხდა

ნატო-ში, ევროკავშირსა თუ ეუთო-ში მიღებულ დოკუმენტებს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ენა არ შეცვლილა, არავისთვის გამხდარა მისაღები ის, რაც 2008 წელს მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა.

ლაიჩაკი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას შეეხო და ამ რეგიონებში მოსახლეობისთვის თავისუფალი მიმოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.​

„კონფლიქტის ირგვლივ გვაქვს ჩვენი ხელსაწყოები, როგორიცაა ჟენევას საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ფორმატი, ეს გვეხმარება მხარეების შეკრებაში. ალბათ იტყვით, რომ პროგრესი არაა მიღწეული და სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ, თუმცა მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ დიალოგი, რადგან ასე ესკალაციის დროს გვაქვს სივრცეც, სადაც ვისაუბრებთ მხარეებთან ერთად, როგორც ბოლო დღეებშიც ვნახეთ. ამავდროულად, უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკური ზეწოლაც, რომ საკითხი დარჩეს დღის წესრიგში. საქართველოს საკითხი ყურადღების ცენტრშია, ეუთო-სთვის საქართველო ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქ ვიყავი თებერვალში, ვაპირებ აგრეთვე ვნახო ადმინისტრაციული საზღვარი. ჩვენ ისევ ვცდილობთ მოწოდებებს, რომ ამ რეგიონებში მოსახლეობისთვის თავისუფალი მიმოსვლა არ შეიზღუდოს“, – განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა.

აქვე, სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოლაპარაკებების უკვე არსებული ფორმატების გამოყენების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ფორმატები, რაც გაგვაჩნია, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, არამედ კონფლიქტებსაც. როდესაც ფორმატებზე დისკუსიას ვიწყებთ, პრობლემის მხარეს ვკარგავთ. დღეს გვაქვს ის ფორმატები, რაზე შეთანხმებაც მოხერხდა და რაც კარგია. ამავდროულად, ვეთანხმები თქვენს პრეზიდენტს, რომელთანაც ვისაუბრე კიდეც, რომ იქნებ საჭიროა უფრო მკაფიო პოლიტიკური ბიძგი, რომ ფორმატი უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჟენევა არ იყოს ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველოს საკითხი განიხილებოდეს, ჩვენ ვიყენებთ სხვა სივრცეებს და დონეებს, რომ ამ საკითხის გადაჭრის აუცილებლობა დავაყენოთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. გარანტია არასდროსაა, რომ ესა თუ ის ფორმატი იმუშავებს. უნდა დავტოვოთ ღია არხები, რომ საკითხები დღის წესრიგიდან არ გაქრეს. საქართველოს საკითხი არ გადაწყვეტილა და მასზე უნდა ვიფიქროთ, ვიდრე არ გადაიჭრება. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში, საქართველოს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. თუმცა, აქ არაა საუბარი იმაზე, რომ უკვე არსებულ საკომუნიკაციო სივრცეებს ფორმატი შეეცვალოთ, რადგან ეს შესაძლოა, სახიფათოც იყოს და დაგვაკარგვინოს ისიც, რაც გვაქვს“, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლაიჩაკმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-სა და ევროკავშირისთვის არის მაღალი დონის პარტნიორი, მისი კონტრიბუცია ნატო-ში მაღალ შეფასებას იწვევს და იგი აღმოსავლეთ პარტნიორობაში მოწინავე ქვეყანად რჩება, რომელთანაც პრაქტიკული თანამშრომლობა მიდის და ქვეყანამ ამისგან სარგებელი უნდა მიიღოს.

„თუ როდის მოვა დრო სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის, ამაზე პასუხი არ არსებობს, სამაგიეროდ არსებობს ბევრი პრაქტიკული საკითხი, რომელზე პასუხის გაცემაც ხვალ და ზეგ შეგვშლია, სწორედ მასზე უნდა ვფოკუსირდეთ“, – აღნიშნავს მინისტრი.

ლაიჩაკი გაყინული კონფლიქტის გადაჭრაში ეუთო-ს როლზეც საუბრობს.

„ჩვენ უნდა გავალღოთ ეს გაყინული კონფლიქტი. თუ ჩავხედავთ ნატო-ში, ევროკავშირსა თუ ეუთო-ში მიღებულ დოკუმენტებს, ვნახავთ რომ ენა არ შეცვლილა, არავისთვის გამხდარა მისაღები ის, რაც 2008 წელს მოხდა. ჩვენ კვლავ ვფიქრობთ პოლიტიკური გადაწყვეტის გზებზე. ამას სჭირდება სტრატეგიული მოთმინება, თუმცა ვიპოვით კიდეც გამოსავალს. საქართველო უნდა იყოს და არის აქტიური, რომ საკითხი დარჩეს დღის წესრიგში“, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მიროსლავ ლაიჩაკი რუსეთის ევროპის საბჭოში დაბრუნებასა და დიდ შვიდიანში მისი დაბრუნების ირგვლივ დისკუსიებსაც გამოეხმაურა.

„ცუდი იქნება, თუ რუსეთს აპატიებენ. როდესაც დიდ შვიდიანში დაბრუნებაზე საუბარი დაიწყო, ნახეთ სხვა წევრების რეაქციები იმის თაობაზე, რომ ეს ვერ იქნებოდა დღის წესრიგში, ევროკავშირი არც განიხილავს პოლიტიკის შეცვლას რუსეთის მიმართ. რაც შეეხება ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, მიეღო რუსეთი უკან, ამას საფუძვლად ედო რუსეთის მოქალაქეებზე შეშფოთება, რადგან ფასის გადახდა სწორედ მათ მოუწევთ. თუ გსურს გადაჭრა პრობლემა, ეს დიალოგის გარეშე არ ხერხდება. მნიშვნელოვანია, დიალოგი შენარჩუნდეს ისე, რომ არ მოხდეს დანაშაულის პატიება, სწორედ აქ არის ევროკავშირიც და ნატო-ც, ეს კი სწორი მიდგომაა“, – განაცხადა ლაიჩაკმა.