მიროსლავ ლაიჩაკი - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ
მიროსლავ ლაიჩაკი - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა ეუთო-ს მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ მინდა დეტალებში ჩაღრმავება, რათა კიდევ უფრო არ გავართულო სიტუაცია, თუმცა შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. მე მქონდა იმედი, რომ ამას გადავწყვეტდით ამ მინისტრთა საბჭომდე, სამწუხაროდ ეს არ მოხდა, თუმცა შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ. ამ საკითხის წარმატებული გადაწყვეტილების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ბევრი საუბარი არ მსურს. სესიის გახსნისას ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ პოზიტიური მხარეა, რომ მექანიზმები მუშაობს და მხარეები ხვდებიან, თუმცა ნეგატიური მხარე ისაა, რომ ჩვენ დიდ პროგრესს ვერ ვხედავთ. უკრაინა არის პოზიტიური ისტორია, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება და დიდი პროგრესი არ შეინიშნება. მიმდინარე წელს საქართველოში რამდენიმეჯერ ვიყავი. ვიხილე არსებული სიტუაცია. ვისურვებდი, რომ საქართველოში სიტუაციის გაუმჯობესების მხრივ ისეთივე პოზიტიური შედეგები გვქონდეს, როგორც ახლა უკრაინაში გვაქვს. თუმცა ჩვენს ძალისხმევას გავაგრძელებთ“,- განაცხადა ლაიჩაკმა.