ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით აქცია გაიმართა.
პარტიის ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა შეკრებილებს მიმართეს და მოუწოდეს, დაიცვან დავით გარეჯი.
„პატრიოტთა ალიანსის” მიერ დღევანდელ აქციაზე ისევ გაისმა მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას გასამართლების მოთხოვნა.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დავაყენეთ სრულიად ახალი ლოზუნგი. ჩვენ ვამბობთ – „არა ნაციონალური მოძრაობის” ორივე ჯგუფს და არა „ქართულ ოცნებას”. ახალი მოთხოვნაა, რომ „ქართულმა ოცნებამ” დატოვოს ხელისუფლება, რადგან დავიღალეთ გაუთავებელი სპექტაკლებისგან.
უკვე რამდენიმე წელია, ვითხოვთ, დაისაჯონ სააკაშვილები და ბოკერიები და საერთოდ მათი მმართველობა უნდა გამოცხადდეს დანაშაულებრივ რეჟიმად.
ადრე ცხრა წელზე ვლაპარაკობდით, მერე ვლაპარაკობდით შვიდ წელზე. ჩვენი ცხოვრების 15 წელი ერთი ეპოქაა. ასე გვართმევენ სხვდასხვა ხელისუფალნიც ცხოვრებას. ასე უაზროდ გადის წლები ადამიანებისთვის. არ იცვლება არაფერი, არც ქვეყნის ცხოვრებაში, არც ადამიანებისთვის.
ამიტომ, ვითხოვთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, სადაც გავა ჩვენი რეზოლუციის საკითხი და მოვითხოვთ, სააკაშვილისა და ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას. ამას კენჭი უნდა უყაროს პარლამენტმა. არა კოჰაბიტაციას, არა პოლიტიკურ სპექტაკლებს, არა ხელისუფლების გადაბარების მცდელობას, არც „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ჯგუფს და არც „ქართულ ოცნებას”,- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
ამასთან, ზუგდიდში მიმდინარე აქციის მიმდინარეობისას სამოქალაქო აქტივისტებმა ერთ-ერთ შენობაზე ვლადიმერ პუტინის პლაკატი გადმოკიდეს, სადაც რუსეთის პრეზიდენტს შუბლზე ნამგალი და ურო აქვს გამოსახული, სათვალის ჩარჩოებში კი, საქართველოს და უკრაინის დროშები.