ზუგდიდის მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე მძღოლებისთვის გეგმა არ შეიცვლება
ზუგდიდის მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე მძღოლებისთვის გეგმა არ შეიცვლება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტობუსის მძღოლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე მძღოლებისთვის გეგმა არ შეიცვლება და ძველი სისტემით იმუშავებენ. სწორედ ყოველდღიური გეგმის გაზრდას აპროტესტებდნენ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები. მათი თქმით, შემცირებული მგზავრების გამო, ისინი არსებულ გეგმას ვერ ასრულებენ და მით უმეტეს გაზრდილ გადასახადს ვერ გადაიხდიან.

„მთელი დღის ნამუშევარი თუ გეგმას მოხმარდა, სახლში პური როგორ წავიღოთ? ვერ ვიმუშავებთ ასე, რადგან ისედაც შემცირებულია მგზავრების რაოდენობა”,-ამბობენ მძღოლები.

მათ გვიან ღამით ავტობუსები მერიის წინ გააჩერეს. საბოლოოდ, ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლის შემდეგ მერიაში მოლაპარაკება შედგა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის კონსტანტინე კაკავას ინფორმაციით, იქამდე, ვიდრე ავტოპარკი არ განახლდება, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

„მათ ჰქონდათ კითხვები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებითაც. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ რუხში იქნება ობიექტი, სადაც მათთვის სამუშაო გარემო შესაბამისი იქნება. რაც შეეხება გეგმას, ჩვენთან შემოდის 25 ახალი ავტობუსი, რის შემდეგაც იქნება გადახდა ბარათით და მძღოლებს ექნებათ ფიქსირებული ხელფასი, შესაბამისად, არ იქნებიან გეგმაზე დამოკიდებულები. მოვნახეთ კომპრომისული ვარიანტი, რომ ამ გარდამავალ პერიოდში გეგმას არ მოემატება და შესაბამისად, ავტობუსები ჩვეულებისამებრ იმუშავებენ”,-აღნიშნა კაკავამ. მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მძღოლები გაფიცვას აპირებდნენ.