ზუგდიდში ელისო ბოლქვაძისა და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის კონცერტი გაიმართა
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში პიანისტ ელისო ბოლქვაძის კონცერტი გაიმართა. კონცერტში ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ზუგდიდში პირველად ვუკრავ და ძალიან სასიხარულოა, რომ ბათუმის ფესტივალი გაიშალა იმდენად, რომ ჩვენ ზუგდიდშიც კი ჩამოვედით. ფესტივალი არის ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან დიდი დღესასწაული, უკვე გადაიქცა დიდ დღესასწაულად. ვფიქრობ, დღევანდელი დღე, იმის გარდა, რომ მუსიკის დღესასწაულია, არის მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც გვაახლოებს აფხაზეთთან, გვაახლოებს იმ ტკივილთან, რომელიც ჩვენი ყველას ტკივილია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში, მომავალ წელს არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ მუსიკის ენით, მშვიდობის ენით, შეხვიდეთ ჩვენს აფხაზეთში და კიდევ ბევრი ადამიანი გავახაროთ ჩვენი შემოქმედებით. ვფიქრობ, ეს ოცნება აუცილებლად უნდა აგვიხდეს ჩვენ ყველას. ეს იქნება მშვიდობისა და მუსიკალური ენით მიმართული მესიჯი, რომელიც უნდა გაიგონ იმ ადამიანებმა, ვისაც ევალება, ეს კონფლიქტი მოაგვაროს“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
ცნობილი პიანისტმა, იუნესკო-ს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ მსმენელისთვის ფრანც შუბერტისა და ფრიდერიკ შოპენის მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა.