ზუგდიდის სასამართლომ ყოფილი პატიმრის მორალური და მატერიალური ზიანისთვის პროკურატურას 20 ათასი ლარის გადახდა დააკისრა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ გიორგი კუკავას მიმართ, რომელიც ციხეში გატარებული 9 თვის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს, გენერალურ პროკურატურას 20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
როგორც კუკავას ადვოკატი იოსებ ჯანაშია აცხადებს, საგამოძიებო ორგანოსგან ისინი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ. დავა საბოლოო ჯამში მათ სასარგებლოდ გადაწყდა.
გადაწყვეტილება ზუგდიდის სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მორალური ზიანისთვის პროკურატურას 7 ათასი, მატერიალური ზიანისთვის კი 13 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ 2018 წლის 16 მარტს დააყაჩაღეს. ოფისში ერთი პირი შეიჭრა და სათამაშო იარაღის გამოყენებით 5 ათასი ლარი გაიტაცა. საქმესთან დაკავშირებით იმავე დღეს გიორგი კუკავა დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ცხრა თვის შემდეგ ის სასამართლომ გაათავისუფლა.
მოგვიანებით, ამ საქმეზე ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომელი ილია გოგილავა დააკავეს. მას მოსამართლე შოთა ბიჭიამ საქმის არსებითი განხილვის გარეშე ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.