ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმს 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალთან 2016 წლის 29 ნოემბერს გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაიას დედა, ნინო წურწუმია საპროტესტო აქციას მართავს.
მისი მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯოს ექიმი, რომელიც მის შვილს მკურნალობდა.
მისი თქმით, ექიმმა არასწორი დიაგნოზი დასვა, რამაც შოთიკო ცირგაიას გარდაცვალება გამოიწვია.
ცირგაიას ოჯახის წევრებმა აქცია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს ეზოში რამდენჯერმე გამართეს. ისინი საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
მათი ცნობით, პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი ბინაზე გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის შემდეგ დამძიმდა, რის შემდეგაც პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ცირგაია რეფერირებისას გარდაიცვალა.