ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი - არის თუ არა ინფიცირებული ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით, რამდენიმე დღეში გაირკვევა
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი - არის თუ არა ინფიცირებული ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით, რამდენიმე დღეში გაირკვევა

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია ექვსი წლის ბავშვის C ჰეპატიტით დაინფიცირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ჰოსპიტლის პრესსამსახურში განმარტავენ, ბავშვს მაღალტექნოლოგიური PCR მეთოდით ვირუსზე რაოდენობრივი კვლევა ჩაუტარდა, რომლის პასუხიც ჯერ არ არის ცნობილი. მათივე თქმით, ჩატარდა კონსულტაციები ინფექციონისტებთან, რომელთა თქმით, მსგავსი კონტაქტის შემთხვევაში, ბავშვის ინფიცირების რისკი ძალიან დაბალია, ხოლო ინფიცირების შემთხვევაში, მცირეწლოვნებში თვითგანკურნების მაღალი მაჩვენებელია.

„მედდის მხრიდან მოხდა გადაცდომა სამედიცინო საქმიანობისას, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. ფაქტზე მყისიერად მოხდა რეაგირება და შესწავლის შედეგად, მედდა გათავისუფლდა სამსახურიდან. რა თქმა უნდა, კლინიკა იღებს მომხდარზე პასუხისმგებლობას და სრულ მეურვეობას უწევს ბავშვს. მას ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური რაოდენობრივი კვლევა, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ჰოსპიტალი მზადაა, ბავშვის ნებისმიერი სამედიცინო საჭიროება უზრუნველყოს“, – აცხადებენ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა.