დედამიწა სამყაროში აუცილებლად ყველაზე საუკეთესო პლანეტა არ არის. მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტათაგან, მკვლევრებმა გამოავლინეს ოცი ისეთი ეგზოპლანეტა, რომლებსაც შეიძლება, სიცოცხლისთვის იმაზე უკეთესი გარემო პირობები აქვს, ვიდრე დედამიწას. ზოგიერთი მათგანი გარს უვლის ვარსკვლავებს, რომლებიც შეიძლება ჩვენს მზეზე უკეთესებიც იყვნენ.
ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსოტეტის ასტროფიზიკოსის, დირკ შულცე-მაკუჩის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაში აღწერილია პოტენციურ „სუპერსასიცოცხლო“ პლანეტათა მახასიათებლები; მათ შორის არის დედამიწაზე ხნიერი, ოდნავ დიდი, ოდნავ თბილი და სავარაუდოდ წყლიანი პლანეტები. გარდა ამისა, სიცოცხლე შესაძლოა გაცილებით ადვილად ყვაოდეს იმ პლანეტებზე, რომლებიც გარს უვლიან ნელა ცვალებად, მზეზე უფრო დიდი სიცოცხლისუნარიანობის მქონე ვარსკვლავებს.
სუპერსიცოცხლისუნარიანი პლანეტობის კანდიდატთაგან ტოპ 24 ჩვენგან ასზე მეტი სინათლის წლით არის დაშორებული, მაგრამ როგორც შულც-მაკუჩი აღნიშნავს, ეს კვლევა ფოკუსირებაში დაეხმარება სამომავლო დაკვირვებებს, მაგალითად, ნასას ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს, კოსმოსურ ობსერვატორია LUVIOR-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსურ ტელესკოპ PLATO-ს.
„შემდეგი თაობის კოსმოსური ტელესკოპებით ჩვენ უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ და მნიშვნელოვანია, უკვე შევარჩიოთ გარკვეული სამიზნეები. ჩვენ ფოკუსირება მოვახდინეთ იმ პლანეტებზე, რომლებსაც ყველაზე იმედისმომცემი გარემო აქვთ კომპლექსური სიცოცხლისთვის. თუმცა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ ჩავიციკლოთ მეორე დედამიწის პოვნაზე, რადგან შეიძლება არსებობდეს პლანეტები, რომლებიც სიცოცხლისათვის ჩვენს პლანეტაზე უფრო მეტად ხელსაყრელია“, — ამბობს კვლევის ავტორი, ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დირკ შულცე-მაკუჩი.
იგი პროფესიით გეობიოლოგია პლანეტური სიცოცხლისუნარიანობის სფეროშ გამოციდლებით; კვლევის ფარეგლებში შეამხანაგდა მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევების ინსტიტუტის ასტრონომ რენე ჰელერთან და ვილანოვას უნივერსიტეტის ასტრონომ ედუარდ გინანთან. მათი მიზანი იყო გამოევლინათ სუპერსასიცოცხლო კრიტერიუმები და ჩვენთვის ცნობილ 4500 ეგზოპლანეტას შორის ეძებნათ საუკეთესო კანდიდატები. სიცოცხლისუნარიანობა არ ნიშნავს იმას, რომ ამ პლანეტებზე უცილობლად არის სიცოცხლე, უბრალოდ ნიშნავს იმ გარემოს, რომელიც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იქნებოდა.
კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებში, მკვლევრებმა შეარჩიეს პლანეტა-ვარსკვლავის სისტემები იმის ალბათობით, რომ კლდოვანი პლანეტები დედავარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მოძრაობენ, ანუ მისგან ისეთ მანძილზე, რომ არის ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის საჭირო გარემო.
მზე ჩვენი მზის სისტემის ცენტრია, მაგრამ მას შედარებით მოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს — დაახლოებით 10 მილიარდი წელი. გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწაზე კომპლექსური სიცოცხლის გამოჩენას თითქმის ოთხი მილიარდი წელიწადი დასჭირდა, ჩვენი მზის მსგავსმა მრავალმა ვარსკვლავმა, ე. წ. G ვარსკვლავებმა შეიძლება საწვავი იქამდე ამოწურონ, ვიდრე კომპლექსური სიცოცხლე განვითარებას მოასწრებს.
გარდა შედარებით ცივი G ვარსკვლავებისა, მკვლევრები სწავლობდნენ გარკვეულწილად ცივ, ე. წ. K ჯუჯა ვარსკვლავებს, რომლებიც ჩვენს მზეზე უფრო ნაკლებად კაშკაშა და მასიურია. K ვარსკვლავების სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-დან 70 მილიარდ წლამდეა. ეს კი მათ გარშემო არსებულ პლანეტებს გაცილებით მეტ დროს აძლევს იმაზე უფრო კომპლექსური სიცოცხლის განვითარებისთვის, ვიდრე ამჟამად დედამიწაზეა. თუმცა, იმისათვის, რათა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყოს, პლანეტა არც იმდენად ბებერი უნდა იყოს, რომ ამოწურული ჰქონდეს გეოთერმული სითბო და აკლდეს დამცავი გეომაგნიტური ველები. დედამიწა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლისაა, მაგრამ მკვლევართა მტკიცებით, სიცოცხლისთვის ყველაზე ხელსაყრელია 5-დან 8 მილიარდამდე წლის პლანეტები.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ზომას და მასას. დედამიწაზე 10 პროცენტით დიდ პლანეტას უფრო მეტი სასიცოცხლო ხმელეთი ექნება. დედამიწაზე 1,5-ჯერ მასიური კი წიაღის სითბოს რადიოაქტიური დაშლის წყალობით უფრო დიდხანს შეინარჩუნებს და ექნება უფრო დიდი გრავიტაცია, რათა ატმოსფერო უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს.
წყალი სიცოცხლისთვის საკვანძოა და როგორც ავტორები ირწმუნებიან, ცოტა რაოდენობითაც კი ის გადამწყვეტია, განსაკუთრებით სინესტის, ღრუბლების ან ჰაერის ტენიანობის სახით. სიცოცხლისთვის ასევე უკეთესი იქნება ოდნავ უფრო თბილი საერთო ტემპერატურა, ზედაპირის საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე დაახლოებით 5 გრადუსი ცელსიუსით მეტი, დამატებით სინესტესთან ერთად. დედამიწის ასეთ ადგილებში, უფრო თბილსა და ტენიანში, ძირითადად ტროპიკულ წვიმის ტყეებში, ბიომრავალფეროვნება გაცილებით დიდია, ვიდრე ცივ და მშრალ ზონებში.
24 ტოპ კანდიდატ პლანეტას შორის, ყველა ამ სუპერსასიცოცხლო კრიტერიუმს არც ერთი არ აკმაყოფილებს, მაგრამ ერთ მათგანს ოთხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მახასიათებელი აქვს, რის გამოც, ეს პლანეტა შეიძლება, სიცოცხლისვის უფრო კომფორტული იყოს, ვიდრე ჩვენი მშობლიური დედამიწა.
„ზოგჯერ რთულია გადმოსცე პლანეტის ეს სუპერსასიცოცხლო პრინციპები, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩვენ საუკეთესო პლანეტა გვაქვს. გაგვაჩნია კომპლექსური და მრავალგვარი სიცოცხლის დიდი რაოდენობა, მრავალი ისეთიც, რომელიც ექსტერმალურ გარემოში ცოცხლობს. კარგია, ადაპტირებადი სიცოცხლე გქონდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერი საუკეთესო გვაქვს“, — ამბობს კვლევის ავტორი, პროფესორი დირკ შულცე-მაკუჩი.
კვლევა ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია wsu.edu-ს მიხედვით.