ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ევროკავშირს ტოივო კლაარი წარმოადგენს
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ევროკავშირს ტოივო კლაარი წარმოადგენს – ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ეუთო-ში აშშ-ის დროებითი რწმუნებულის ჰარი კომიენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისია ტოივო კლაარს დისკუსიების თანათავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს.
„აშშ-ი მუდმივმოქმედ საბჭოში საქართველოში კონფლიქტზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მიესალმება. ჩვენ, ასევე, ვულოცავთ ელჩ კლაარს მომავალ დანიშვნას“, – ნათქვამია ეუთო-ში აშშ-ის დროებითი რწმუნებულის ჰარი კომიენის განცხადებაში.
ტოივო კლაარი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა. ის ამ თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა, ხოლო 2014 წლის ნოემბერში თანამდებობა დატოვა.
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის პოსტი მას მერე გახდა ვაკანტური, რაც ჰერბერტ ზალბერმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. გერმანელი დიპლომატი საქართველოში 2014 წლის ივლისიდან მუშაობდა. ეჭვები, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელი მანდატს ვადაზე ადრე დატოვებდა, მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაისში, ცხინვალში ვიზიტისას ზალბერმა დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამას კი ოფიციალური თბილისის პროტესტი მოჰყვა.