ზაზა ვაშაყმაძე - იმის თქმა, რომ საქართველოში მუსლიმი თემის უფლებები ირღვევა, ტყუილი და აბსურდია
ზაზა ვაშაყმაძე - იმის თქმა, რომ საქართველოში მუსლიმი თემის უფლებები ირღვევა, ტყუილი და აბსურდია

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მუსლიმი თემის წარმომადგენელს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

იმ სახლის მეპატრონეს, რომელიც ბოლო პერიოდში სამლოცველოდ არის გამოყენებული, ორ ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე შესაძლო პოლიტიკურ საფუძვლებზე საუბრობს.

საქმე ეხება სოფელ ადიგენში მდებარე სახლს, სადაც მუსლიმური სამლოცველოს გახსნას ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანები აპროტესტებენ არგუმენტით, რომ ადგილზე მუსლიმი თემი არ ცხოვრობს.

ვაშაყმაძის განმარტებით, სახლის მეპატრონე მალხაზ მიქელაძე და მისი თანამოაზრეები არ ექვემდებარებიან საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს.

„სახელმწიფომ შესთავაზა მუსლიმ თემს ორი ვარიანტი. ერთი, ნაცვალგების პრინციპი – აღნიშნული შენობის სანაცვლოდ იქვე, ახლოს, დაახლოებით 800 მეტრში, ერთ კილომეტრში, სოფელ იჯარეთში მოხდებოდა შეთავაზება და სამლოცველო სახლის გახსნა. მეორე წინადადება იყო სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული, რომ გამოისყიდდა სახელმწიფო აღნიშნულ ფართს და აღნიშნული თანხით შემდეგ თავად გადაწყვეტდა სხვა ადგილზე სამლოცველოს შესყიდვას. ერთზეც და მეორეზეც მათი მხრიდან ყოველგვარი არგუმენტის და დასაბუთების გარეშე, ჩემდა გასაკვირად, ითქვა უარი. რომ ვეკითხები მიზეზს, სამწუხაროდ, ვერანაირი პასუხი ვერ იქნა გაცემული. იმის გათვალისწინებით, რომ ადიგენის ცენტრში, დაბაში, არცერთი მუსლიმური ოჯახი არ ცხოვრობს და ამ დროს ადიგენის რაიონში ასეთი არის, მინიმუმ, ცხრა სოფელი, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ შერეულად, როგორც მუსლიმები, ასევე მართლმადიდებლები, ყველგან არის გახსნილი სამლოცველო და მეჩეთი. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მანძილზე, ნებისმიერ დროს შეუძლია, ნებისმიერ იმ ცხრავე მეჩეთში შევიდეს და აღასრულოს რელიგიის თავისუფლება და ილოცოს. აქედან გამომდინარე, ის თითიდან გამოწოვილი ბრალდება, რომ ვიღაცა ვიღაცის უფლებებს ზღუდავს, ამ შემთხვევაში რელიგიის თავისუფლებას, ეს არის ტყუილი და, მინიმუმ, მცდარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სახელმწიფო და სწორედ ჩვენი ხელისუფლება, სააგენტოს ჩამოყალიბებასთან ერთად, ატარებს მწყობრ რელიგიურ პოლიტიკას. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ბენეფიციარი, სხვა რელიგიებთან ერთად, არის მუსლიმური თემი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მუსლიმ თემს, რომლებიც, ფაქტობრივად, მეორე რელიგიაა საქართველოში. სახელმწიფომ პირადად სააგენტოს ჩართულობით დღემდე გადასცა 237 მეჩეთი და დაახლოებით ორ კვირაში გადაეცემა დამატებით 20 მეჩეთი მუსლიმთა სამმართველოს. დაახლოებით დარჩენილი იქნება 30-40 მეჩეთი გადასაცემად და ამით მთლიანად ამოიწურება საქართველოში არსებული ყველა მეჩეთის გადაცემა საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის. შესაბამისად, ამას სახელმწიფო ეტაპობრივად გააგრძელებს მომავალში კანონმდებლობის დაცვით“, – განაცხადა ვაშაყმაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, გასული წლების მსგავსად, მუსლიმ თემს წელსაც გაუზარდა ფინანსური დახმარება საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფორმულირებით.

„ფინანსური დახმარება წელს შეადგენს 4 მილიონ 150 ათას ლარს. ეს მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან. ამის გარდა, არსებობს სხვა რესურსი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება დასაბუთების მიხედვით ფინანსური დახმარება კონკრეტულ რელიგიებზე და მათ შორის მუსლიმ თემზე.

იმის თქმა, რომ საქართველოში მუსლიმი თემის უფლებები ირღვევა, ტყუილი და აბსურდია, მაშინ როდესაც ამას არაერთი ჩვენი კოლეგა, ჩემი კოლეგები პირადად, მათ შორის მუსლიმური ქვეყნებიდან, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდან, აღნიშნავენ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი განსაკუთრებული სახელმწიფო, სადაც მუსლიმი თემის უფლებები მაღალ დონეზე ეწყობაო. თუნდაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იფთარი გამართა მუსლიმი თემის პატივსაცემად და ეს უკვე ტრადიციაა 10-15 წლის განმავლობაში. ასეთ მაგალითს თვითონ მუსლიმურ ქვეყნებში მუსლიმური ხელისუფლების წარმომადგენლები არ აკეთებენ.

არსებობს მუსლიმთა სამმართველო, ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოსთან პარტნიორობს. აქ ერთი ქოლგის ქვეშ, ერთ მეჩეთში მუფტი და შეიხი, აზერბაიჯანელი, ჩეჩენი, ქართველი, ქისტი, ინგუში აღმსარებლობის მუსლიმები შედიან და ერთად ლოცულობენ. რაც ყველაზე მთავარია, ეს გახლავთ ტრადიციული ისლამის მიმდევარი რელიგიური ორგანიზაცია, ყველაზე დიდი. ამას სახელმწიფო ხელს უწყობს. აღნიშნული ჯგუფი და იმ მისამართზე მდებარე ქონება არ თანამშრომლობს, არ წარმოადგენს საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს. ფაქტობრივად, მათთან დიალოგში არ იმყოფებიან და მათი წევრები არ არიან. ეს არის ერთ-ერთი ფრთა, რასაც ჰქვია სულეიმანჯები. მიქელაძის უარგუმენტო პასუხი, რომ არ მინდა და არ გავაკეთებ, უკვე ბევრის მთქმელია;

და მეორე, თემა გააქტიურდა მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია დაწყებული. ამ პროცესებში ჩართული არიან პოლიტიკური სუბიექტები. ამ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებული პარლამენტის დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე, რომელიც ამ თემით სპეკულირებს, სამწუხაროდ. პროცესებში ჩართულია და წინა მოლაპარაკებებში, შეიძლება ითქვას, ის იყო მხარე მოლაპარაკების. ის არის საქართველოს პარლამენტის წევრი. საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო. რელიგიური თემატიკის საკითხში რომ ერევი, ეს მაპროვოცირებელია. მას აქვს, წინა შეხვედრიდან გამომდინარე, მესიჯბოქსები გაკეთებული, იმის მაგივრად, რომ მოლაპარაკებისკენ და სტაბილურობისკენ წავიდეს, მაპროვოცირებელია, რომ აღნიშნული დიალოგი სახელმწიფოს და კონკრეტულ ჯგუფს შორის არ შედგეს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო იმოქმედებს შესაბამისად.

მოვუწოდებ როგორც მართლმადიდებელ, ასევე მუსლიმ თემს, მოიქცნენ სახელმწიფოებრივად, მოიქცნენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ის მშვიდობიანი თანაარსებობა, რასაც, მათ შორის, ამ რეგიონში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, რელიგიათა შორის დიალოგი და ურთიერთობები ჰქვია, გაგრძელდეს, როგორც აქამდე იყო“, – განაცხადა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.