რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. სტუმრებს ანგარიში წარუდგინა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში ირღვევა ეროვნებით ქართველებისა და აღმსარებლობით მართლმადიდებლების რელიგიის, გამოხატვის, თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ნადგურდება, თვითნებურად იერსახე ეცვლება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებს.

სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასა და სააგენტოს აქტივობებზე „ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში. ასევე, ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“, „საბჭოთა პერიოდში საქართველოში რეპრესირებული სასულიერო პირები“, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად გამართულ კონფერენციასა -„საქართველოს რელიგიები ბავშვთა უფლებების დასაცავად“ და სემინარებზე „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“, აქტივობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ბრაილის შრიფტით გამოიცა ინტერრელიგიური კალენდარი და „ბიბლიის“ ოთხი კანონიკური წიგნი – „დაბადება“, „წიგნი გამოსვლათა“, „წიგნი ლევიტელთა“ და „წიგნი რიცხვთა“. რომლის ოდენობაც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნილებას, „ინტერრელიგიური სათათბიროს“ საქმიანობაზე, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისთვის გაწეულ ფინანსურ და სხვა სახის დახმარებაზე, პუბლიკაციებზე – „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“.

პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის და საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გია ვოლსკი და მიხეილ სარჯველაძე და რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელს გაწეული სამუშაოებისათვის მადლობა გადაუხადეს.

„რელიგიის სააგენტომ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა. ეს სააგენტო არის წარმომადგენლობა სამთავრობო სტრუქტურებში იმ კონფენსიების, რომლებიც დღეს საქართველოში არსებობენ და საკმაოდ ბევრიც გააკეთა ამ სააგენტომ. ის ტრადიცია, რაც მდგომარეობს ამ კონფენსიათა კეთილი ურთიერთობების სფეროში, სააგენტომ კიდევ უფრო გაამყარა, საკმაოდ სერიოზული მუშაობა აქვს ჩატარებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეესტრის შედგენაში, გავრცელებაში და უამრავი სხვა თემაა, რომლებიც სასარგებლოდ გვადგება პოლიტიკურ საქმიანობაში, სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.