ზაზა სოფრომაძე - ნარკოპოლიტიკაში ნებისმიერი ლიბერალიზაცია ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნის გაზრდას იწვევს
ნარკოპოლიტიკაში ნებისმიერი ლიბერალიზაცია, დროის გარკვეულ მონაკვეთში, ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნის გაზრდას იწვევს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის სამინისტროში, ნარკოლოგებთან და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მიმდინარე ცვლილებების ადეკვატური იქნება.
ზაზა სოფრომაძის განმარტებით, სახელმწიფომ გაასამმაგა ამ მიმართულებით ბიუჯეტი და დახვეწა სერვისები, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
„ჩვენ განვიხილავთ ახალ კონცეფციას, რომლის მიმართულებაც არის ლიბერალიზაცია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი ლიბერალიზაცია ნარკოპოლიტიკაში, დროის გარკვეულ მონაკვეთში, იწვევს მოთხოვნის გაზრდას ჯანდაცვის სერვისებზე. ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ ვიმსჯელოთ იმ სერვისებზე, რასაც ამ სფეროში სახელმწიფო და კერძო სექტორი აწვდის მომხმარებელს. ვიმსჯელოთ იმ პოტენციალზე, რაც ჩვენ გვაქვს, რაც შეიძლება გამოვიყენით უახლოესი პერიოდის განმავლობაში და ამ დაგეგმილ ცვლილებებს მომზადებული შევხვდეთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თითქმის გააორმაგა ნარკოლოგიური სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი. ვიცით აგრეთვე ის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით სამჯერ გაიზრდა ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ზღვარი არ არის. ცხადია, ეს არის ინდიკატორები, რომელიც პირდაპირ ნათლად გვაჩვენებს პროგრამის წარმატებულად ფუნქციონირებას, მაგრამ ძალიან ბევრი არის კიდევ გასაკეთებელი როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე საკადრო რესურსების მხრივ. ვგულისხმობ როგორც მატერიალურ, ასევე მონორესურსებს, რომ მომზადებული დავხვდეთ იმ ცვლილებებს, რაც ქვეყნის ნარკოპოლიტიკაში იგეგმება“, – განმარტა ზაზა სოფრმაძემ.