ზაზა სარალიძის ინფორმაციით, სასამართლოსთან დღეს დაკავებული რამდენიმე პირი გაათავისუფლეს
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს დაკავებული რამდენიმე პირი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
„გიორგი გახარიამ გამოუშვა ჩემი მეგობრები, რომლებიც მოიპარა. იძულებული გახდა გახარია, გამოეშვა ჩემი მეგობრები. უკანონოდ გაიტაცა, აღუკვეთა თავისუფლება და იძულებული გახდა, გაეთავისუფლებინა“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა. სასამართლოსთან რამდენიმე პირი დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ.
სასამართლოს განაჩენით, გ.ბ. რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის, ასევე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ცნობილი იქნა დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, ხოლო სრულად გამართლდა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში.
რაც შეეხება ბრალდებულ გ.ჯ. -ს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.
დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე თავის ახლობლებთან ერთად, მთავარ პროკურატურასთან მივიდა, სადაც საპროტესტო აქციას მართავს.