ზაზა სარალიძე - ტყუილია, თითქოს ზვიად კუპრავამ პოლიციელებზე ზეწოლა განახორციელა
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა.
როგორც რამდენიმე წუთის წინ სარალიძემ განაცხადა, სახალხო დამცველმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულები სასამართლოში გადაჰყავდათ, სადაც ადვოკატებიც მივიდოდნენ.
სარალიძის თქმით, ზვიად კუპრავას პოლიციელებზე არ განუხორციელებია ზეწოლა და შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.
„არ ვიცი რატომ დააკავეს. როგორც შსს-მ თქვა, თითქოს კუპრავამ რაღაც ზეწოლა განახორციელა პოლიციელებზე, რაც ტყუილია. ყოფილი პოლიციელი არავისზე არ განახორციელებს ზეწოლას და შეურაცხყოფას არავის მიაყენებს. ეს არის კუპრავას დისკრედიტაციის მცდელობა. პატრულის ფორმაში იყო ვიღაც გადაცმული, მასთან კუპრავას შელაპარაკება მოუვიდა. ზვიადმა მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვა, რათა გაეგო, რომელი სამსახურიდან იყო, მან არ წარმოუდგინა საბუთი. ის იყო ან სუს-ის აგენტი, ან სხვა სამსახურის წარმომადგენელი. დაკავებამდე მოხდა ეს ფაქტი“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზვიად კუპრავა და აქციის კიდევ სამი მონაწილე დღეს დილით დააკავეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული.