ზაზა სარალიძე - ჩემთვის მნიშვნელოვანია, სიმართლე გაირკვეს და არა ის, ვინ რამდენ წელს მოიხდის
მე წლებს არასდროს არ ვითვლი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, სიმართლის თქმა და არა ის, ვინ რამდენ წელს მოიხმარს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
ზაზა სარალიძე გამოეხმაურა დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს.
„როდესაც ეს ტრაგედია მოხდა და ეს ბრძოლა დაიწყო, ყოველთვის ერთი და იგივე პოზიცია მქონდა. რა თქმა უნდა, იგივე პოზიციაზე ვრჩები. მე წლებს არასდროს არ ვითვლი, ჩემთვის მნიშვნელოვანია სიმართლის თქმა და არა ის, ვინ რამდენ წელს მოიხდის. ჩემთვის მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში სიმართლე გაირკვეს ყველა ნაწილში, მკვლელობის ნაწილში, დანაშაულის დაფარვის ნაწილში, სამოხელეო ნაწილში და ყველაფერში. სიმართლე აუცილებლად იქნება“, – განაცხადა ზაზა სარალძემ.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და სამი თვის ვადით შეეფარდა.
რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გუგა ბარბაქაძე. მას სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და სამი თვის ვადით შეეფარდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ.