ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პოლიციაში საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე გამოკითხეს 
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პოლიციაში საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე გამოკითხეს 

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტზე ისაუბრა.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, გამოკითხვაზე დეტალურად გაიხსენა, რატომ ჩავიდა ზვიად კუპრავა სასადილოში და იქ რას აკეთებდა.

„ყველაფერი გავიხსენე თავიდან ბოლომდე, რატომ გამოვიდა დარბაზიდან ზვიად კუპრავა, რატომ ჩავიდა სასადილოში და აბსოლუტურად დეტალებში მოვახსენე გამოძიებას. ეს არის სისულელე ბრალდება, მე ვერანაირ ბრალეულობას და ვერანაირ სამართლებრივ გადაცდომას ვერ ვხედავ. ყურადღება არის გამახვილებული იმ სიტყვაზე, რაც კუპრავამ წარმოთქვა მოსამართლეზე. იქ არ არის დაზუსტებული არც პოლიციის მხრიდან რომელმა მოსამართლემ გასცა ბრძანება, რომ კუპრავა უნდა ასულიყო სასამართლო დარბაზში და არც კუპრავასგან იყო დაზუსტებული ინფორმაცია, რომელ მოსამართლეს გულისხმობდა. აქ იყო ზოგადად მოსამართლე ნახსენები. პირველი გადაცდომა იყო სამართალდამცველებისგან ის, რომ ტყუილი თქვეს და მოსთხოვეს ზვიად კუპრავას თითქოს მოსამართლის ბრძანებით უნდა მიეტოვებინა ჭამა და ასულიყო სასამართლო დარბაზში”, – განაცხადა სარალიძემ.

ამასთან, ზაზა სარალიძეს ჟურნალისტებმა საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე ჰკითხეს, რაზეც სარალიძემ აღნიშნა, რომ ამაზე ჯერ შეფასებას ვერ გააკეთებს.

„დაზუსტდება ყველაფერი და ვნახოთ რა ნაბიჯებს გადადგამს კომისია. ერთადერთი ვიცი რაღაც კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას აპირებენ. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან ბევრი მთავარი მოწმის ჩვენება არის გამქრალი. მაგაზე პასუხი უნდა გასცენ იმ გამომძიებლებმა და პროკურორებმა, ვინც საქმეში ფიგურირებენ”, – განაცხადა სარალიძემ.