ზაზა ხუციშვილი - შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ ახალი კანონპროექტი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ითვალისწინებს
გარემოს დაცვის კომიტეტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ხუციშვილი აცხადებს, კანონი ფართო სპექტრს მოიცავს. მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა წინა მოწვევის პარლამენტმა დაიწყო, თუმცა მას დახვეწა სჭირდებობა.
„ჩვენ ვიმუშავეთ 14 არასამთავრობოსთან ერთად და ეს საკითხი მივიყვანეთ ბოლომდე. ერთი თემა არის გასავლელი, რომელიც ითვალისწინებს საერთო რეესტრის შექმნას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ასევე ამ პროექტით გათვალისწინებულია რეგიონული თავშესაფრების მშენებლობა, რაზეც რეგიონული განვითარების სამინისტროს საკუთარი პოზიცია ჰქონდა. ისინიც ემზადებიან ამისთვის, ამიტომ ძალიან კარგია, რომ ცხოველებს თავშესაფრები ექნებათ. აღნიშნული კანონპროექტი არის მრავალმხრივი და აწესრიგებს ურთიერთობას ადამიანსა და შინაურ ცხოველს შორის, როგორიცაა თავშესაფრის ზონები, გამრავლების წესები, მკურნალობის წესები და სხვა“, – აცხადებს ზაზა ხუციშვილი.
მისი განმარტებით, კანონი არეგულირებს ე.წ. მიკედლებულ ცხოველთა საკითხსაც.
ამასთან, ხუციშვილის თქმით, ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაზე ჯარიმა და სანქციები მკაცრდება. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის.
„ადმინისტრაციულს რაც შეეხება, აქ გვაქვს 100 ლარიდან 500 ლარამდე ჯარიმა. ასევე ცვლილებებია ინიცირებული სისხლის სამართლის კოდექსში. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ ცხოველის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას მოჰყვება მოკვლა, აქ უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. თუ ეს ჩადენილია ჯგუფურად, განმეორებით ან მცირეწლოვანის თანდასწრებით, ამან შეიძლება თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდეც გამოიწვიოს“,- განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.