ზაზა ხუციშვილი - ოპოზიციური ხმების ხარჯზე ცვლილებების მიღება გუნდში უმართავი პროცესების დაწყება იქნებოდა
ზაზა ხუციშვილი - ოპოზიციური ხმების ხარჯზე ცვლილებების მიღება გუნდში უმართავი პროცესების დაწყება იქნებოდა

უმრავლესობის შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარის მხრიდან იყო მოწოდება და თხოვნა, რომ შევასრულოთ ის პირობა, რასაც ხელი მოვაწერეთ, – ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ეს იყო მისი თხოვნა და გარკვეული მოწოდება. ხედავთ, რომ პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი და ყველა მხარს უჭერს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს პოზიცია გაზიარებული იქნება ჩვენი გუნდის მიერ და საქმე ბოლომდე მივა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს.

„მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვმუშაობდით, გუნდში დეპუტატების ნაწილის ნების საწინააღმდეგოდ, ოპოზიციური ხმების ხარჯზე ცვლილებების მიღება გუნდში უმართავი პროცესების დაწყება იქნებოდა. დღეს ეს პროცესი ასე მტკივნეულად აღარ დგას და მომავალში, თუ ასეთი დეპუტატები დარჩებიან და ასეთ პრინციპულ საკითხზე ვერ შევთანხმდებით, მომავალ არჩევნებში გუნდი ასეთი კონფიგურაციით შესაძლოა, ვეღარ გავიდეს, მაგრამ ამაზე წინასწარ ნუ ვისაუბრებთ. იმედი მაქვს, ხვალ მმართველი გუნდი თავის პირობას შეასრულებს“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა. 

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის ​შეკითხვაზე, ეწინააღმდეგება თუ არა მმართველი პარტიის 37 დეპუტატი პარტიის თავმჯდომარის მიერ ინიცირებულ და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტს, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ეს რიცხვი გადამეტებულია.

„დღეს 133 დეპუტატი იყო და თუ ვივარაუდებდით იმას, რომ უარყოფითი ხმა დაახლოებით, ოცის ფარგლებში შეიძლებოდა ყოფილიყო, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ერთი ხმა ყოფილიყო გადამწყვეტი. ამიტომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ასეთ დონეზე არ გამოგვეცადა და კონსულტაციები გაგრძელებულიყო. გუნდის ლიდერები მოწოდებული არიან, ეს პროექტი გავიდეს და იმედი მაქვს, ხვალინდელი კონსულტაციების შემდეგ მისი პირველი მოსმენით მიღება მოხდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, თავად მხარს უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რადგან ამისკენ მოცემულობა უბიძგებს, თორემ პროპორციული სისტემა მართლაც რისკების შემცველია.

„ის, რაც გერმანიაში მოხდა, როცა ექვსი თვის განმავლობაში მთავრობა ვერ შექმნეს, საქართველოსთვის უმძიმესი დარტყმა იქნება, რადგან ჩვენ განვითარების სხვა ეტაპზე ვართ. ინვესტიციების, სტაბილურობის მხრივ ეს რისკების შემცველია, მაგრამ ხალხი, ვინც პარლამენტში მოხვდება, თავის პირად ინტერესებს უნდა მოერიოს, პირადი ამბიციები ყველამ უნდა გადადოს და შეთანხმდეს იმაზე, რაც ქვეყნისთვის უკეთესია“, – განაცხადა ხუციშვილმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რას ნიშნავს „ქართული ოცნებისთვის“ ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხთან დაკავშირებით მთელი პოლიტიკური სპექტრის წინააღმდეგ მარტოა და გამოირიცხა თუ არა მმართველი პარტიის დღევანდელი ქმედებით სხვა პარტიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, მით უმეტეს, იმ რისკის ფონზე, როცა შესაძლოა, 2020 წლის პარლამენტში, კოალიციური მმართველობის პირობებში, სხვადასხვა პარტიებთან კოალიციაში შესვლა მოუწიოს, ზაზა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ იმ განცხადებების მიუხედავად, რაც დღეს კეთდება, მომავალში, პარლამენტში მოხვედრილი ძალები გარკვეულ საერთო ენას გამონახავენ.

„პოლიტიკოსი მოცემულობიდან უნდა გამოვიდეს და მისი ქმედება ყოველთვის შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული, მოცემულობით რა შედეგს დადებს. ასე რომ, როგორც კი რეალობა დადგება, ეს გადაუჭრელი პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.