ზაზა ხუციშვილი - „მიშა მაგარიას“ ჩართვით, საპროტესტო მუხტს დიდი ზიანი მიაყენეს
ზაზა ხუციშვილი - „მიშა მაგარიას“ ჩართვით, საპროტესტო მუხტს დიდი ზიანი მიაყენეს

ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ქართული საზოგადოების დაკვეთა არანაირად არ არის, დესტრუქციული ქმედებები არ არის პროდუქტიული, – ამის შესახებ დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა პარლამენტთან მიმდინარე აქციასა და პიკეტირებასთან დაკავშირებით,

მისი შეფასებით, თუ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მიეცემათ და სამართალდამცველები კანონის ფარგლებში რეაგირებას მოახდენენ, საზოგადოება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები ამას წინ არ აღუდგებიან.

პიკეტირების შემთხვევაში, თუ დეპუტატებს არ მიეცემათ პარლამენტში შესვლის საშუალება და პოლიცია კანონის ფარგლებში რეაგირებას მოახდენს, მიმაჩნია, რომ არც საზოგადოება, არც საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი პარტნიორები ამ პროცესს წინ არ აღუდგებიან, რადგან კანონი კანონია და ყველამ უნდა დაიცვას. აქ იკვეთება ერთი კონკრეტული ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი. სხვა კონსტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა, უსუფაშვილმა, „ლელომ“ და ძალიან ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ კონსტიტუციურ ფარგლებში დარჩებიან. კასრებში ცეცხლის დანთება და მსგავსი ქმედებები შედეგზე ორიენტირებული არ არის. მით უმეტეს, გუშინ „მიშა მაგარიას“ ჩართვით, მე მგონი, პრაქტიკულად ამ საპროტესტო მუხტს ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ქმედებები „ქართული ოცნებისთვის“ კომფორტის შექმნაა, რადგან ქართული საზოგადობის დიდი ნაწილი ამ ძალასთან გამიჯნულია“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება სურს, ჩრდილში უნდა იყოს.

„თუ მათი მიზანი არის ქვეყნის დემოკრატიულად განვითარება, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ პირიქით,  ჩრდილში უნდა იყოს. მათი გამოჩენა საზოგადოებაში ყოველთვის დიდ პროცესს იწვევს. მიუხედავად თავისი შეცდომებისა, შეუსრულებელი პირობისა და ქვეყანაში მაინც მდგომარეობა მძიმეა, „ქართული ოცნების“ მორალური უპირატესობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით ჯერ კიდევ ძალიან დიდია“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე კოლეგასთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

პარლამენტის შესასვლელები ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ. ამასთან, პარლამენტის უკანა შესასვლელთან გუშინდელ აქციაზე სიმღერა „მიშა მაგარია“ ჩართეს.