ზაზა ხუციშვილი - ახლა გავდივარ უმრავლესობის რიგებიდან, მაჟორიტარად ვარ არჩეული და ბოლომდე შევასრულებ ჩემს მოვალეობებს
ზაზა ხუციშვილი - ახლა გავდივარ უმრავლესობის რიგებიდან, მაჟორიტარად ვარ არჩეული და ბოლომდე შევასრულებ ჩემს მოვალეობებს

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გავდივარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა განუცხადა.

ზაზა ხუციშვილმა, თამარ ჩუგოშვილთან და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატთან ერთად, დღეს საპარლამენტო თანამდებობა და უმრავლესობა დატოვა. მათი გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნას უკავშირდება.

„მე ვიყავი უმრავლესობის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატად, პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და ბუნებრივია, ვერ გავალ პარტიიდან. ახლა გავდივარ უმრავლესობის რიგებიდან. მაჟორიტარად ვარ არჩეული და არ შევქმნი ამ დისკომფორტს. სიმართლე გითხრათ, არც სურვილი მაქვს, რომ ახალი არჩევნები იყოს ოლქში. ბოლომდე შევასრულებ ჩემს მოვალეობებს, პარლამენტში მაქსიმალურად ვეცდები, რომ ვიყო კონსტრუქციული. ყველა პოზიტიურ ინიციატივას დავუჭერ მხარს, მათ შორის ბიუჯეტსაც. მიმაჩნია, რომ წელში გამართული ბიუჯეტია, სწორი აქცენტებით და მხარს დავუჭერ“, – განაცხადა დეპუტატმა.

ზაზა ხუციშვილმა განმარტა, რომ პარლამენტში ტოვებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას, რადგან აღნიშნული კვოტა უმრავლესობას ეკუთვნის.

„მე უმრავლესობის დღევანდელ სხდომას არ დავსწრებივარ.  გუშინ თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს იქნებოდა წითელი ხაზი. იქ განცხადება არ გამიკეთებია, ძირითადად ვუსმენდი და ძირითადად აქტიურობდნენ ისინი, ვინც მხარს არ უჭერდნენ. ეს გადაწყვეტილება არც მითქვამს ბოლომდე. მე ბოლომდე მჯეროდა, რომ ეს კანონპროექტი გავიდოდა პირველი მოსმენით, აღნიშნული გადაწყვეტილება შემდგომ მივიღე. ეს პირობა თვითონ პარტიის თავმჯდომარემ გასცა, ინიცირებული იყო 93 დეპუტატის მიერ და ხელმოწერილი. პრაქტიკულად, გუშინ სხდომათა დარბაზში გავიგეთ, რომ არ უჭერდნენ მხარს. პრობლემაა სწორედ ეს, მომავალში როდესაც შევთანხმდებით, ესე იგი, მე არ უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ რასაც ვიტყვით, შესრულდება. ასეთ გუნდთან, ასეთ პირობებში, მე პირადად გამიჭირდება ურთიერთობა“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.