ზაზა ხატიაშვილი - კიდევ ერთი ბრიტანული საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ვანო ჩხარტიშვილის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია
ზაზა ხატიაშვილი - კიდევ ერთი ბრიტანული საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ვანო ჩხარტიშვილის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ კიდევ ერთი ბრიტანული საექსპერტო კომპანიის, „დილიჯენსის“ დასკვნით, ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები არის ხელით მანიპულირებული, გადაკეთებული ან სხვადასხვა დროსა და ადგილას გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟი. ამის შესახებ ზაზა ხატიაშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.

მისი თქმით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავთენტიკურობის დასადგენად ლონდონის ორ ცნობილ საექსპერტო ბიუროს მიმართა. როგორც ზაზა ხატიაშვილი ამბობს, წინა კვირას წარადგინა „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ (Audio Forensic Services) დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბოლო პერიოდში, ტელეეთერებით ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული სამივე ფარული აუდიოჩანაწერი ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული ან დამონტაჟებული.

„ახლახან ჩვენ მივიღეთ ლონდონის ერთ-ერთი საუკეთესო საექსპერტო ბიუროს „დილიჯენსის“ ( Diligence ) დასკვნა. აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელთა შორის ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი ბატონი უილიამ უებსტერია. „დილიჯენსის“ 2018 წლის 3 ოქტომბრის ექსპერტიზის შედეგები პირველი დასკვნის იდენტურია და ხაზგასმულია, რომ ამ ექსპერტიზით არაორაზროვნად დასტურდება ის გარემოება, რომ აუდიო-ჩანაწერ(ებ)ში არსებობს წყვეტა და სამი აუდიოჩანაწერის ექსპერტიზის ჩატარების შედეგად აღმოჩენილია თორმეტი ანომალია“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული დასკვნების შესხებ ინფორმაცია არასამთავრობო სექტორსაც მიაწოდა. როგორც ხატიაშვილმა აღნიშნა, მიმართა ასევე ტელეკომპანია „რუსთავი2“-სა და „იბერიას“, რომ შეწყვიტონ ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაცია ყალბი და დამონტაჟებული ფარული ჩანაწერების მეშვეობით.

„არასამთავრობო სექტორს გავაცანი აღნიშნული დასკვნები და ვთხოვე, შეაფასონ ტელეკომპანიების მხრიდან დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული მასალების გამიზნულად გავრცელების აღმაშფოთებელი ფაქტები.

მე ასევე მივმართე „რუსთავი2“-სა და ტელეკომპანია „იბერიას“, რომ შეწყვიტონ ყალბი და დამონტაჟებული ფარული ჩანაწერების მეშვეობით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ლახავს მის რეპუტაციას და არის დამაზიანებელი მისი საქმიანობისთვის. ჩვენ უკვე მივმართეთ ლონდონის ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიას, რათა მან დაადგინოს ამ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანიისგან მიღებული ზარალის ოდენობა.

სასამართლო დავას ჩვენ დავიწყებთ არა მარტო ამ ტელეკომპანიების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მათი ხელმძღვანელების, ნიკა გვარამიასა და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ.

ლონდონის ორივე საექსპერტო ბიუროს ექსპერტები მზად არიან, დაესწრონ ჩვენ მიერ ინიცირებულ სასამართლო პროცესებს და დაადასტურონ ჩვენი სიმართლე.

ასევე ვაფრთხილებთ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც საფრანგეთიდან საექსპერტო ბიუროს დასკვნის პრეზენტაცია დააანონსა, ექსპერტიზისთვის განსხვავებული მასალისა თუ ვერსიის წარდგენისა და, შესაბამისად, განსხვავებული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, მასალების გაყალბებისთვის მას პასუხისმგებლობა საფრანგეთის სამართლებრივ სივრცეში მოუწევს.

მე ვაპირებ ასევე, რომ ლონდონის ორივე საექსპერტო ბიუროს დასკვნა გასაცნობად მივაწოდო საქართველოში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებს.

ამჯერად, საზოგადოებას ვთავაზობ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დილიჯენსის (Diligence ) 3 ოქტომბრის დასკვნას, მის ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანსა და მასალას საექსპერტო კომპანიის დამფუძნებლებისა და საქმიანობის შესახებ“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.