ვანო ჩხარტიშვილი - ორჯერ შემხვდა სააკაშვილი, მერე გააგრძელა უგულავამ და მაიძულეს, ტელეკომპანია „მზე“ ბეჟუაშვილისთვის ერთ ლარად მიმეყიდა
ვანო ჩხარტიშვილი - ორჯერ შემხვდა სააკაშვილი, მერე გააგრძელა უგულავამ და მაიძულეს, ტელეკომპანია „მზე“ ბეჟუაშვილისთვის ერთ ლარად მიმეყიდა

ორჯერ შემხვდა სააკაშვილი, მერე გააგრძელა უგულავამ და მაიძულეს, ტელეკომპანია „მზე“ ბეჟუაშვილისთვის ერთ ლარად მიმეყიდა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„პირდაპირი მნიშვნელობით, იძალადა ჩემზე საქართველოს პრეზიდენტმა, მაიძულა ამ ტელევიზიის დათმობა. ერთ ლარად გადავეცი ტელევიზია დავით ბეჟუაშვილს, გადავეცი ცემენტის ქარხანას, ასე რომ ვთქვათ. ვერ შევძელი იმ პერიოდში ამ ტელევიზიის დაცვა და შესაბამისად, მოვახდინეთ აბსოლუტურად ნებაყოფლობით ჩემი მხრიდან, მაგრამ მისი მხრიდან ძალადობრივი გზით.

ორჯერ შემხვდა ამ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილი, მერე გააგრძელა უგულავამ, უგულავა იყო ადმინისტრაციის უფროსი. მან მითხრა, რომ ეს ტელევიზია მათ უნდოდათ, აქ უნდა გასულიყო „მულტიკები“, სარედაქციო პოლიტიკა მათი უნდა ყოფილიყო და ამიტომ, უნდა მიმეცა საშუალება ბეჟუაშვილისთვის, ემართა ტელევიზია. სააკაშვილს მარტო ერთი რამ აწუხებდა, ამბობდა, არ მინდა საქართველოში იყოს ამდენი თოქშოუ; მინდა, რომ აქ იყოს აბსოლუტურად სხვა ფორმატი, სარედაქციო პოლიტიკა თქვენი არის და ხელს გვიშლის ჩვენ მიზნების განხორციელებაშიო“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილს აუხსნა, რომ ამ მოთხოვნას ასე სწრაფად ვერ დააკმაყოფილებდა.

„ვუთხარი, რომ ეს ცოცხალი ორგანიზმია, რომ ასე სწრაფად არ შეიძლება ამის გაკეთება. გამოვდივართ მისი კაბინეტიდან, მხვდება ბეჟუაშვილი და მეუბნება, ღამით იქნებ წახვიდეთ და გადააფორმოთ ახლა ეს ტელევიზია. ღამით ეს არ შედგა, მაგრამ დაახლოებით ერთ კვირაში ჩვენ გადავაფორმეთ.

დავით ბეჟუაშვილის შემოსვლის შემდეგ, პრაქტიკულად მენეჯმენტი გადადის მის ხელში. მცდელობა მქონდა, რომ კოლექტივი, რომელიც იყო საკმაოდ პროფესიონალი, არ აღმოჩენილიყვნენ ტელევიზიის მიღმა, დარჩენილიყვნენ და ეს გარდამავალი ეტაპი ყოფილიყო უმტკივნეულო, მაგრამ ვერ შედგა ეს.

როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენი სურვილი იქნებოდა ტელეკომპანია „მზის“ ბეჟუაშვილისთვის ერთ ლარად მიყიდვა? ეს ხომ შეუძლებელია. ეს მოხდა სრული ზეწოლით და გამომდინარე აქედან, მე იძულებული გავხდი, რომ ეს შემესრულებინა. ახლაც სინანულს გამოვხატავ მაგ პერიოდის მიმართ, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან, გარემო იყო ძალიან მძიმე და მოკავშირეები ამასთან დაკავშირებით ძალიან ცოტანი იყვნენ ჩვენს გვერდით. იმ პერიოდში იძულებული გავხდი, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე უშედეგოდ იბრძვის ტელეკომპანიის დასაბრუნებლად.

დატოვე კომენტარი