ზაქარია ქუცნაშვილი - კარებთან ახლოს ვზივარ და ეს გარემოებაც უწყობს ხელს, რომ პრეზიდენტმა ხელი ჩამომართვა
კრიტიკული ელემენტების მიუხედავად, პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა საკმაოდ კონსტრუქციული იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა გამოსვლაში დადებითად შეაფასა ბიზნესის თავისუფლება, სტარტაპების პროგრამა.
„ზოგადად, კრიტიკული ელემენტების მიუხედავად, პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა საკმაოდ კონსტრუქციული იყო. საკმაოდ დადებითი. მან ბრძანა, რომ ძალიან სწორია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, არაღიარების პოლიტიკაში ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ. საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით, 200 მილიონი ბაზარი 2 მილიარდიან ბაზრად გადაიქცა. დადებითად შეაფასა ბიზნესის თავისუფლება სტარტაპების პროგრამა, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა. დადებითად შეაფასა, რომ მედია პირდაპირ ზეწოლას არ განიცდის და მხოლოდ სტრესი ახსენა, რაც ფსიქოლოგიურო ხასიათისაა”, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილი ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელსაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა.
როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, დიპლომატიური ეტიკეტი მოითხოვს, რომ მისალმება გამოიხატოს ხელის ჩამორთმევით.
„ყველაფერს თავისი წესი აქვს, შესაბამისად, დიპლომატიური ეტიკეტი მოითხოვს, რომ მისალმება გამოიხატოს ხელის ჩამორთმევით. ბუნებრივია, კარებთან ახლოს ვზივარ, ალბათ, ეს გარემოებაც უწყობს ხელს, მაგრამ მისი შეხედულების მიხედვით წყდება მარჯვენა მხარეს მსხდომებს ჩამოართმევს ხელს, თუ მარჯვენა მხარეს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.