ირაკლი აბესაძე - გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმა იყო ხელისუფლების დანაშაულებრივი საქციელი და ქუცნაშვილის გამართლების მცდელობა ამას ადასტურებს
ირაკლი აბესაძე - გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმა იყო ხელისუფლების დანაშაულებრივი საქციელი და ქუცნაშვილის გამართლების მცდელობა ამას ადასტურებს

გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმა იყო ხელისუფლების დანაშაულებრივი საქციელი და ქუცნაშვილის გამართლების მცდელობა ამას ადასტურებს, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

აბესაძის თქმით, დღეს ქუცნაშვილი ღიად საუბრობს იმას, რაც არაპოპულარულია.

„თავიდანვე ნათელი იყო, რომ გავრილოვის ჩამოყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმა ეს იყო მთელი ხელისუფლების ძალიან უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი საქციელიც კი და ქუცნაშვილის ეს ცინიკური გამოსვლა და გამართლების მცდელობა ამას ცალსახად ადასტურებს. ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ ევროპული საქართველოს დეპუტატებმა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე აღარ მისცეს საშუალება, რომ გავრილოვს დაეკავებინა ის სკამი და შემდეგ ასევე საზოგადოების ობიექტური პროტესტი, ოკუპაციის გაპროტესტება ხელისუფლებამ სისხლიანად ჩაახშო. ამ მიმართულებით ხელისუფლების ქმედებების კოორდინირებას ადასტურებს მათ შორის გახარიას დაწინაურება.

დღეს ქუცნაშვილი ღიად საუბრობს იმას, რაც არაპოპულარულია. ამიტომ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები თავს არიდებენ, რომ ეს თქვან, მაგრამ საუბრობს სიმართლეს, როგორი დამოკიდებულებაა რეალურად „ქართული ოცნების“ შიგნით. მათ პრობლემად არ მიაჩნიათ საქართველოს ინტერესების წინააღდეგ მებრძოლი, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე ხმის მიმცემი ადამიანის ქვეყნის შიგნით შემოყვანა და პატივით მისი გამასპინძლება. მას პრობლემად არ მიაჩნია ამის გასაპროტესტებლად გამოსული ადამიანებისთვის თვალების ამოთხრა და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, ეს არის „ქართული ოცნების“ შიშველი სიმართლე ამ საკითხზე. ცინიზმი და თავხედობაა, როდესაც ამ ქმედებას აბრალებ სხვას, როდესაც ეს იყო ცალსახად მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და დანაშაულებრივი ქმედება“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განუცხადა, რომ ეროვნული მასშტაბის ბულინგი 100 დღე ითმინა და დუმილი დაარღვია. „კობახიძეს არ მგონია, სცოდნოდა, რომ მის სავარძელს გავრილოვი დაიკავებდა. ოპოზიციის გაღიზიანების მიზეზი ეს შემთხვევა იყო. როცა მიზეზი დილით ამოწურულია და შენ პარლამენტზე შტურმს ღამის 10:00 საათზე იწყებ, როცა რუსული დელეგაცია არათუ პარლამენტში, არამედ საქართველოშიც აღარ იმყოფება, მაშინ ეს არის საბაბი და არა მიზეზი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ოპოზიცია პატიოსნად არ იქცეოდა და იყენებდა საზოგადოების გულწრფელ ემოციას პოლიტიკური მიზნებისთვის, ძალაუფლება რამენაირად ხელში ჩაეგდო“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.