ზაალ უდუმაშვილი - არ ვიცი, მეორე ტურს ვისთან მართავენ, ოპოზიცია მეორე ტურში არ მონაწილეობს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს და ამ დღეს აქციას გამართავენ. ამასთან, როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერ ლევან ვარშალომიძის განცხადება პარტიაში არ განუხილავთ.
„ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. სირცხვილია ამ ქვეყანაში იმ ფონზე, რა არჩევნებიც ჩატარდა, მეორე ტური გაუმართოს. არ ვიცი, ვისთვის მართავენ, საკუთარი თავისთვის? ვისაუბრებთ და გადავწყვეტთ, რა ფორმატში იქნება 21 ნოემბერი. ზოგადად, აქციას გავმართავთ 21-ში, როცა მეორე ტურები იქნება. ვნახოთ, გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდებით. ლევან ვარშალომიძის განცხადება პარტიაში განხილული არ ყოფილა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.