ყველაზე შორეული სუპერნოვას საიდუმლო ამოხსნილია
ყველაზე შორეული სუპერნოვას საიდუმლო ამოხსნილია

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ყველაზე შორეული სუპერნოვას აღმოჩენა დაადასტურა — უზარმაზარი კოსმოსური აფეთქება, რომელიც 10,5 მილიარდი წლის წინ მოხდა, ანუ მაშინ, როცა სამყარო ძალიან ახალგაზრდა იყო.

აფეთქებული ვარსკვლავი, სახელწოდებით DES16C2nm, დააფიქსირა Dark Energy Survey (DES)-მა. DES საერთაშორისო თანამშრომლობაა, რომლის მიზანია რამდენიმე ასეული მილიონი გალაქტიკის რუკაზე დატანა იმისათვის, რათა კიდევ უფრო მეტი რამ გავიგოთ ბნელი ენერგიის შესახებ. ბნელი ენერგია არის იდუმალებით მოცული ძალა, რომელიც სამყაროს აჩქარებადი გაფართოების მამოძრავებლად მიიჩნევა.


როგორც Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია განმარტებული, ამ მოვლენის დროს წარმოქმნილ სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად 10,5 მილიარდი წელიწადი დასჭირდა. შედეგად, ჩვენ წინაშეა ამ დრომდე აღმოჩენილი და შესწავლილი უძველესი სუპერნოვა. თავად სამყაროს ასაკი 13,8 მილიარდი წელია.

სუპერნოვა ეწოდება მასიური ვარსკვლავის აფეთქებას სასიცოცხლო ციკლის მიწურულს. DES16C2nm კლასიფიცირებულია სუპერკაშკაშა სუპერნოვად (SLSN). ეს არის სუპერნოვას ყველაზე კაშკაშა და უიშვიათესი კლასი, რომელიც პირველად ათი წლის წინ აღმოაჩინეს. მიჩნეულია, რომ იგი გამოწვეულია მატერიის დაცემით სამყაროს ყველაზე მკვრივ ობიექტზე, სწრაფად მბრუნავ ნეიტრონულ ვარსკვლავზე, რომელიც თავის მხრივ, წარმოიქმნება მასიური ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ.

„ათი წლის წინ, როცა ბნელი ენერგიის კვლევის პროგრამა დავიწყეთ, ასეთი სუპერნოვას არსებობას ვერც წარმოვიდგენდით. მსგავსი აღმოჩენები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ემპირიული მეცნიერების მნიშვნელობაზე; ანუ, ხანდახან უბრალოდ უნდა ადგე და მოძებნო, რათა რაღაც გასაოცარი იპოვო“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ასტროფიზიკის პროფესორი ბობ ნიკოლი.


„უძველესი სუპერნოვას აღმოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია. DES16C2nm არის ჩვენგან უკიდურესად შორს, არის უზომოდ კაშკაშა და წარმოუდგენლად იშვიათი. ასტრონომებს ასეთი აღმოჩენის ყოველდღიური ბედნიერება ნამდვილად არ გვაქვს“, — ამბობს კვლევის ავტორი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორი მეთიუ სმიტი.

მისი თქმით, ამ სუპერნოვას მიერ გამოყოფილი ულტრაიისფერი სინათლე ცნობებს გვაწვდის აფეთქებისას წარმოქმნილი მეტალების ოდენობისა და თავად აფეთქების ტემპერატურის შესახებ. ორივე მათგანი საკვანძო ფაქტორია ამ კოსმოსურ აფეთქებათა გამომწვევ მიზეზთა შესასწავლად.

„ახლა უკვე ვიცით, როგორ ვიპოვოთ კიდევ უფრო შორს მომხდარი მსგავსი მოვლენები. ბნელი ენერგიის კვლევის ფარგლებში, მათ ძალიან აქტიურად ვაკვირდებით“, — აცხადებს კვლევის თანაავტორი, პროფესორი მარკ სულივანი.


DES16C2nm პირველად 2016 წლის აგვისტოში დააფიქსირეს. იმავე წლის დასაწყისში დადასტურდა მანძილი და უკიდურესი სიკაშკაშე, რისთვისაც გამოიყენეს მსოფლიოს ორი უმძლავრესი ტელესკოპი — ჩილეში მდებარე Very Large Telescope-ი და ჰავაის კუნძულებზე, კეკის ობსერვატორიაში მდებარე მაგელანის ტელესკოპი.


პროექტ Dark Energy Survey-ში (ბნელი ენერგიის კვლევა) ჩართულია მსოფლიოს 35 სხვადასხვა ინსტიტუციის 400-ზე მეტი მეცნიერი. ხუთწლიანი პროექტი 2013 წელს დაიწყო.

იყენებენ კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილ 570-მეგაპიქსელიან უკიდურესად მგრძნობიარე კამერა DECam-ს, რომელიც მიმაგრებულია ჩილეს ანდებში მდებარე სერო-ტოლოლოს ინტერ-ამერიკული ობსერვატორიის 4-მეტრიან ბლანკოს ტელესკოპზე.

ხუთი წლის განმავლობაში (2013-2018წ.წ.), 525 ღამის მანძილზე განახორციელეს ღრმა, ფართო დაკვირვებები, რომლის ფარგლებშიც ჩაიწერეს მონაცემები დედამიწიდან მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე მდებარე 300 მილიონი გალაქტიკის შესახებ.

თითოეული გალაქტიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, კვლევის ფარგლებში მოხდა სამხრეთის ცის 500 კვადრატულ გრადუსიანი მონაკვეთის გადაღება ხუთი სხვადასხვა ოპტიკური ფილტრით. ათასობით სუპერნოვასა და სხვა დროებითი ასტროფიზიკური მოვლენების აღმოსაჩენად და შესასწავლად, ცის პატარა მონაკვეთებს კვირაში დაახლოებით ერთხელ აკვირდებიან.

მომზადებულია port.ac.uk-ის მიხედვით