არქეოლოგებმა აღმოაჩინეს „დაკარგული ოქროს ქალაქი“, რომელიც 3000 წლის განმავლობაში იმალებოდა ძველი ეგვიპტის დედაქალაქ ლუქსორის ქვეშ.
ქალაქი, რომელსაც ისტორიულად „ატონის აღდგომას“ უწოდებდნენ, ტუტანხამონის პაპამ, ფარაონმა ამენჰოტეპ III-მ (მეფობდა ძვ. წ. 1391-1353) დააარსა.
თვის ვაჟთან, ამენჰოტეპ IV-სთან ერთად თანამმართველობისას (რომელმაც მოგვიანებით სახელი შეიცვალა და ეხნატონი იწოდა) ხალხი სახელწოდება „ოქროს ქალაქს“ იყენებდა; ამავე სახელს უწოდებდნენ ტუტანხამონისა და მისი შემდეგი ფარაონის, ეიეს მმართველობის დროსაც.
მიუხედავად ამ ქალაქის მდიდარი ისტორიისა, არქეოლოგები მის პოვნას დღემდე ვერ ახერხებდნენ. ისტორიული ჩანაწერები იუწყებოდა, რომ ამ ქალაქში მდებარეობდა ამენჰოტეპ III-ის სამი სამეფო სასახლე და წარმოადგენდა უდიდეს ადმინისტრაციულ და სამრეწველო დასახლებას იმ დროის ლუქსორში.
„ამ ქალაქს მრავალი უცხოური მისია ეძებდა, მაგრამ მისი პოვნა ვერავინ შეძლო“, — აღნიშნავს განცხადებაში გათხრების ხელმძღვანელი, ეგვიპტის სიძველეთა საქმეების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ზაჰი ჰავასი.
მისმა ჯგუფმა ძებნა 2020 წელს იმის იმედით დაიწყო, რომ ფარაონ ტუტანხამონის დასაკრძალ ტაძარს იპოვიდა. ეს რეგიონი აირჩიეს იმიტომ, რომ სწორედ იქ იყო აღმოჩენილი ფარაონ ჰორემჰებისა და ეიეს ტაძრები.
მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გათხრებისას ყველგან ტალახის აგურებს პოულობდნენ. ჯგუფი მალევე მიხვდა, რომ ისინი თხრიდნენ მოზრდილ ქალაქს, რომელსაც შედარებით კარგი ფორმაც ჰქონდა.
„ქალაქის ქუჩებზე სახლებია ჩამწკრივებული, ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 3 მეტრია. ამ სახლების ოთახები სავსეა უბრალო სამკაულებითა და ხელსაწყოებით, რომლებსაც ძველეგვიპტელები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდნენ“, — ამბობს ჰავასი.
ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგიის პროფესორის, ბესტი ბრაიანის განცხადებით, ამ დაკარგული ქალაქის პოვნა მეორე უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენაა ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენის შემდეგ, რომელსაც 1922 წელს მიაკვლიეს.
„დაკარგული ქალაქის აღმოჩენა ძველეგვიპტელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში შეხედვის საშუალებას გვაძლევს იმ პერიოდში, როდესაც მათი იმპერია უმდიდრეს იყო; ამავე დროს, ეს აღმოჩენა გვეხმარება ამოვხსნათ ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლო: რატომ გადაწყვიტეს ფარაონმა ეხნატონმა და დედოფალმა ნეფერტიტიმ ახალი დედაქალაქის, ამარნას დაარსება?“, — წერს განცხადებაში ბრაიანი.
ცნობილია, რომ ეხნატონის გამეფებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ძვ. წ. 1350-იანი წლების დასაწყისში, ოქროს ქალაქი მიატოვეს და ეგვიპტის დედაქალაქი ამარნაში გადაიტანეს.
მას შემდეგ, რაც ჯგუფმა გააცნობიერა, რომ მათ წინაშე დაკარგული ქალაქი იყო, მისი დათარიღება გადაწყვიტეს.
ამისათვის მათ შეისწავლეს უძველესი ობიექტები, რომლებსაც ამენჰოტეპ III-ის კარტუშის ბეჭედი ჰქონდა, ოვალი, რომელზედ დატანებული იყო იეროგლიფებით შესრულებული სამეფო სახელები. ეს კარტუში ჯგუფს ყველგან ხვდებოდა, მათ შორის ღვინის ჭურჭლებზე, ბეჭდებზე, ძველეგვიპტელთა წმინდა ხოჭოებზე, ფერად კერამიკაზე და ტალახის აგურებზე, რაც ადასტურებდა, რომ ქალაქი აქტიური უნდა ყოფილიყო ამენჰოტეპ III-ის მმართველობისას, რომელიც მე-18 დინასტიის მეცხრე ფარაონი იყო.
შვიდთვიანი გათხრების შემდეგ, არქეოლოგებმა რამდენიმე სამეზობლოც აღმოაჩინეს. ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ჯგუფმა ასევე იპოვა საცხობის ნაშთები, რომელსაც ჰქონდა ღუმლებითა და კერამიკული შესანახი კონტეინეტრებით სავსე სამზარეულოს ზონა. სამზარეულო მოზრდილია და სავარაუდოდ, ის მსხვილ კლიენტებს ემსახურებოდა.
მეორე, ჯერ ბოლომდე გაუთხრელ ნაწილში, არქეოლოგებმა იპოვეს ადმინისტრაციული და საცხოვრებელი რაიონი, რომელსაც უფრო დიდი, ლამაზად ჩამწკრივებული ერთეულები აქვს.
ამ ზონას დანარჩენისგან გამოყოფს ზიგზაგური ღობე — არქიტექტურული დიზაინი, რომელსაც მე-18 დინასტიის მიწურულს იყენებდნენ; ღობეს მხოლოდ ერთი გასასვლელი წერტილი აქვს, საიდანაც გზა საცხოვრებელ ზონასა და შიდა დერეფნებისკენ მიემართება.
ერთი შესასვლელი ზონას სავარაუდოდ უსაფრთხოების ზომიდან გამომდინარე ჰქონდა, რითაც ძველეგვიპტელები იქ შემსვლელ-გამსვლელებს აკონტროლებდნენ.
კიდევ ერთ ზონაში, არქეოლოგებმა ტალახის აგურების დასამზადებელი არეალი იპოვეს; ამ აგურებით ტაძრებსა და ფლიგელებს აშენებდნენ. ჯგუფის განცხადებით, ამ აგურებს ფარაონ ამენჰოტეპ III-ის ბეჭდიანი კარტუშები ჰქონდა.
ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა ათობით ჩამოსასხმელი ფორმა, რომლებსაც ამულეტებისა და დეკორატიული ერთეულების დასამზადებლად იყენებდნენ; ეს კი იმის მტკიცებულებაა, რომ ქალაქს საკმაოდ მძლავრი საწარმოო ხაზი ჰქონდა, სადაც ტაძრებისა და აკლდამების დეკორაციებს ამზადებდნენ.
მთელი ქალაქის მასშტაბით, არქეოლოგებმა იპოვეს სამრეწველო სამუშაოსთან დაკავშირებული ხელსაწყოები, მათ შორის დართვისა და ქსოვის. აღმოაჩინეს ლითონისა და მინის წარმოების წიდაც, მაგრამ ჯერ ვერ მიაგნეს ამ მასალების დამამზადებელ ცენტრს.
არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს რამდენიმე სამარხიც: ორი უჩვეულო საფლავი, რომელშიც ძროხა ან ხარია დამარხული და გამორჩეული სამარხი, რომელში დამარხულ პირსაც ხელები გვერდებზე აქვს გაჭიმული და მუხლებზე თოკი აქვს დახვეული.
ამ სამარხებს მკვლევრები ჯერ კიდევ სწავლობენ და იმედი აქვთ, რომ დაადგენენ მათ მნიშვნელობასაც.
ცოტა ხნის წინ ჯგუფმა იპოვა ჭურჭელი, რომლებშიც დაახლოებით 10 კგ გამომშრალი ან მოხარშული ხორცი ინახება. ამ ჭურჭელზე დატანებულია წარწერაც, რომელშიც ვკითხულობთ: 37 წელი, დამუშავებული ხორცი ჰებ-სედის მესამე ფესტივალისთვის, ხას ბაკის სასაკლაოდან, დამზადებულია ყასაბი ლუვის მიერ.
„ეს ღირებული ინფორმაცია გვაწვდის ქალაქის მცხოვრები ორი ადამიანის სახელს და ამავე დროს ადასტურებს, რომ ეს ქალაქი აქტიური იყო ფარაონ ამენჰოტეპ III-ისა და მისი ვაჟის, თანამმართველი ეხნატონის დროს“, — წერენ არქეოლოგები.
გარდა ამისა, ჯგუფმა ასევე იპოვა ტალახის ბეჭედი, რომელზეც წერია „გმ პა ატონი“ — ფრაზა, რომელიც შემდეგნაირად ითარგმნება: „თვალისმომჭრელი ატონის სამფლობელო“; ამ სახელით კი ცნობილია კარნაკის კომპლექსის ერთ-ერთი ტაძარი, რომელიც ფარაონმა ეხნატონმა ააგო.
ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ამ ქოთნის დამზადებიდან ერთი წლის შემდეგ, დედაქალაქი ამარნაში გადაიტანეს. ეს გადატანა კი განახორციელა ფარაონმა ეხნატონმა, რომელმაც თავის ხალხს მხოლოდ ერთი ღვთაების — მზის ღმერთ ატონის თაყვანისცემის უფლება მისცა.
თუმცა, ეგვიპტოლოგებმა ჯერ კიდევ არ იციან, რატომ გადაიტანეს დედაქალაქი და მართლაც მიატოვეს თუ არა მაშინ ოქროს ქალაქი. ასევე საიდუმლოებით არის მოცული, ხელახლა დასახლდა თუ არა ქალაქი მაშინ, როდესაც ფარაონი ტუტანხამონი თებეში დაბრუნდა და ის რელიგიური ცენტრის სახით ხელახლა გახსნა.
ქალაქის ხმაურიანი ისტორიის სხვა დეტალებს ალბათ სამომავლო გათხრები გვეტყვის. გასათხრელი კი ჯერ კიდევ ბევრია. ჰავასას განცხადებით, ქალაქი დასავლეთით მიემართებოდა, სახელგანთქმულ დეირ-ელ-მედინასკენ — უძველეს მუშათა სოფლისკენ, სადაც ის ხელოსნები და გლეხები ცხოვრობდნენ, რომლებმაც მეფეთა ველზე ააშენეს სამეფო აკლდამები ფარაონებისა და დედოფლებისთვის.
გარდა ამისა, ჩრდილოთ ნაწილში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მოზრდილი სასაფლაო, რომელიც ჯერ ბოლომდე არ გაუთხრიათ. იქვე იპობეს კლდეში გამოკვეთილ სამარხთა ჯგუფიც, რომლებამდე მისვლაც მხოლოდ მიწაში ამოჭრილი კიბეებით არის შესაძლებელი; ასეთი მახასიათებელი შეიმჩნევა მეფეთა ველის სამარხებშიც.
ამ საფლავების გათხრას არქეოლოგები უახლოეს თვეებში გეგმავენ.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.