ყველაფერი მზადაა — ჯეიმს ვების ტელესკოპი მალე გვიჩვენებს სამყაროს ყველაზე ღრმა ხედს, რომლის მსგავსიც კაცობრიობას ჯერ არ უნახავს #1tvმეცნიერება
NASA-ს ადმინისტრატორის, ბილ ნელსონის განცხადებით, 12 ივლისს, სააგენტო გამოაქვეყნებს „ჩვენი სამყაროს ყველაზე ღრმა ხედს, რაც კი ოდესმე გადაუღია კაცობრიობას“; რა თქმა უნდა, ფოტო ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ იქნება გადაღებული.
„თუ დაფიქრდებით, ეს იქნება ყველაზე შორს, სადაც კი ოდესმე გაუხედავს კაცობრიობას“, — აღნიშნა ნელსონმა პრესკონფერენციაზე.
ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე მუშაობა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა; ის დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა და NASA-მ 2021 წლის დეკემბერში, მრავალი გადადების შემდეგ გაუშვა. ტელესკოპი ამჟამად მზის გარშემო მოძრაობს, დედამიწისგან 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე.
ჯეიმს ვები ინჟინერიის ნამდვილი საოცრებაა და შეუძლია კოსმოსში იმაზე გაცილებით შორს გაიხედოს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ტელესკოპს აქამდე; ამის მიზეზი მისი უზარმაზარი ძირითადი სარკეები და ინსტრუმენტებია, რომლებიც ინფრაწითელ დიაპაზონზეა ფოკუსირებული და შესაბამისად, ხედავს მტვრისა და გაზის მიღმაც.
„შეისწავლის მზის სისტემის ობიექტებს და სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს, მოგვცემს მინიშნებებს იმის შესახებ, ჰგავს თუ არა მათი ატმოსფეროები დედამიწისას“, — აღნიშნა ნელსონმა.
მისივე განცხადებით, ტელესკოპმა შეიძლება პასუხი გასცეს უმნიშვნელოვანეს კითხვებს: საიდან მოვდივართ? კიდევ რა არის ჩვენს იქით? ვინ ვართ? და რა თქმა უნდა, ზოგიერთ ისეთ კითხვასაც, რომლებიც შეიძლება ჯერ არც კი გაგვჩენია.
ინფრაწითელ შესაძლებლობათა წყალობით, ვები ის დროში ძლიერ უკან, დიდი აფეთქების ეპოქაში გაიხედავს, თითქმის 13,8 მილიარდი წლის წინ.
ვინაიდან სამყარო ფართოვდება, ყველაზე ადრეულ ვარსკვლავთა სინათლე ულტრაიისფერიდან და ხილული სინათლიდან წაინაცვლებს უფრო გრძელ ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში — რომელთა დაფიქსირებაც ვებს უპრეცედენტო რეზოლუციით შეუძლია.
ამ დროისათვის, ყველაზე ადრეული კოსმოლოგიური დაკვირვებები ჩატარებულია დიდი აფეთქებიდან 330 მილიონი წლის შემდეგ პერიოდზე; თუმცა, ვები ამ რეკორდს მოხსნის.
NASA-ს განცხადებით, პარტნიორ Arianespace-ის მიერ შესრულებული ეფექტიანი გაშვების წყალობით, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი 20 წლის განმავლობაში იმუშავებს, ორჯერ უფრო დიდხანს, ვიდრე ჩაფიქრებული იყო.
„ამ 20 წლის განმავლობაში, არა მხოლოდ ისტორიისა და დროის სიღრმეებში ჩავიხედავთ, არამედ უფრო ღრმად შევალთ მეცნიერებაში, რადგან გვაქვს სწავლის, ზრდის და ახალი დაკვირვებების შესაძლებლობა“, — ამბობს NASA-ს ხელმძღვანელის მოადგილე პამ მელორი.
NASA-ს მეცნიერის, თომას ზურბუკენის განცხადებით, 12 ივლისს სააგენტო ასევე გამოაქვეყნებს შორეული ეგზოპლანეტის პირველ სპექტროსკოპიულ გამოსახულებასაც.
სპექტროსკოპია არის ინსტრუმენტი შორეული ობიექტებისა და პლანეტური სპექტრის ქიმიური და მოლეკულური ანალიზისთვის; ამის საშუალებით შესაძლებელია პლანეტის ატმოსფეროსა და სხვა თვისებათა დახასიათება, მაგალითად, აქვს თუ არა მას წყალი და როგორია მისი ზედაპირი.
„როდესაც ღამის ვარსკვლავებიან ცას ვუყურებთ, ყოველთვის გვაინტერესებს, არის თუ არა სადმე სიცოცხლე?“, — ამბობს ზურბუკენი.
ასტრონომ ნესტორ ესპინოსას განცხადებით, ეგზოპლანეტათა სპექტროსკოპია აქამდე ხდებოდა არსებული ინსტრუმენტებით, რომლებიც ვებთან შედარებით ძლიერ შეზღუდულია.
„დაახლოებით ისეა, ძალიან ბნელ ოთახში იყოთ და იქ მხოლოდ უწვრილესი ხვრელი იყოს, რომლიდანაც გარეთ გახედვა შეგიძლიათ. ახლა, ვების სახით გახსნილი გვაქვს უზარმაზარი ფანჯარა, რომლიდანაც მცირე დეტალების დანახვაც კი შეგვიძლია“, — ამბობს ესპინოსა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.