ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევის კვლევა საერთაშორისო დონეზე ჩატარდება 
ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევის კვლევა საერთაშორისო დონეზე ჩატარდება 

ვერტმფრენი იყო ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობაში და ჩვეულებრივ წესების შესაბამისად ვახდენდით როგორც სამგზავრო გადაზიდვებს ასევე არაკომერციულ გადაზიდვებს, – ამის შესახებ კომპანიის „ავიატორ+“-ის დირექტორის მოადგილემ გიორგი მოლოდინაშვილმა განაცხადა.

გიორგი მოლოდინაშვილი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციებს, რომელიც მომხდარ ავიაკასტროფასთან დაკავშირებით გავრცელდა.

„გაცხადდა, რომ ვერტმფრენს არ ჰქონდა გარკვეული აღჭურვილობები, აქ იყო შავ ყუთზე საუბარი, შავი ყუთი ამ კლასის ვერტმფრენისთვის არ არის განსაზღვრული და არც უნდა ჰქონოდა. რაც შეეხება სხვა ტექნოლოგიებს ვერტმფრენი იყო უმაღლესი კლასის და მას ჰქონდა მაღალი კლასის ტექნოლოგიები. რაც შეეხება ტექნიკურ დათვალიერებას და გამართულობას, ვერტმფრენმა გაიარა ტექნიკური დათვალიერება 2019 წლის 22 მაისს და ამ ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი მაქვს აქ, არის ამის ყველა დოკუმენტაცია და სრულყოფილი ინფორმაცია. სწორედ ამ შემოწმების შემდეგ შესრულდა სატესტო ფრენა, სადაც დაიშვება მხოლოდ პილოტი და ინჟინრები და მხოლოდ ამ სატესტო ფრენის შემდეგ ვერტმფრენი დაშვებული იქნა კომერციულ ფრენებზე. იგი ფრენებს ასრულებდა ყაზბეგში. ტექნიკური დათვალიერება ჩატარდა ლიცენზირებული მაღალი დონის კომპანიის მიერ, მათ შორის, ამ დათვალიერებას ზედამხედველობას უწევდა ჩვენი კონტრაქტორი, მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენლობა ევროპაში, „ბელ პრაღა“ და ამ მთელ პროცესს ზედამხედველობას უწევდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რომელიც რეგულარულად ატარებდა შემოწმებებს და რომელიც მკაცრად აკონტროლებდა პროცესს“, – განაცხადა კომპანია „ავიატორ +“- ის დირექტორის მოადგილემ.

გიორგი მოლოდინაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ვერტმფრენში მესამე პირის ყოფნას იმ მიზნით, რომ წონა დაბალანსებულიყო.

„დეზინფორმაცია იყო, რომ მესამე ადამიანი სასტუმროს თანამშრომელი, რომელიც იმყოფებოდა ბორტზე, ის არ უნდა ყოფილიყო ბორტზე და ის იყო წონის დაბალანსების გამო ამ ბორტზე. მინდა ვთქვა ერთმნიშვნელოვნად, ამ ბორტზე იყო ის ადამიანი თავისი სურვილით და პილოტის თანხმობით, ამ ბორტით დაფრინავდა ყველა თანამშრომელი მათ შორის მეც, ჯგუფის მენეჯმენტი და ასევე მფლობელი, შესაბამისად ამაზე სპეკულაცია უნდა დასრულდეს და უნდა გაუწიოთ ანგარიში გარდაცვლილთა ოჯახებს და არ უნდა მივაწოდოთ მათ არასწორი ინფორმაცია. პილოტი იყო უმაღლესი კლასის პილოტი, რომლის დაკარგვაც არის ჩვენთვის ძალიან დიდი ტრაგედია და დიდი დარტყმა. პილოტი გადამზადებული იყო აშშ-ში, ავტორიზებულ სასწავლებელში“,- აცხადებს გიორგი მოლოდინაშვილი.

ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელობა ჯერ ვერ საუბრობს ავიაკატასტროფის სავარაუდო მოტივებზე და აცხადებს, რომ მოკვლევის შემდეგ დადგინდება, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

„მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და მივაწვდით ყველა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ამ პროცესის წარმატებით დასრულებისათვის, პირველ რიგში ჩვენი კომპანიის ინტერესებშია რომ დადგინდეს კატასტროფის გამომწვევი მიზეზები. გარდა საქართველოსი, ეს ქეისი არის საერთაშორისო დონის ქეისი, მოგეხსენებათ, რომ ვერტმფრენი გამოშვებული იყო აშშ-ში, მას ჰქონდა მაღალი ტექნოლოგიების ძრავა, რომელიც არის გამოშვებული ფრანგული კომპანიის მიერ. ყველა ეს სპეციალისტი ჩაერთვება პროცესში და ამან უკვე შეიძინა საერთაშორისო მასშტაბი და საერთაშორისო დონეზე ჩატარდება ამ კონკრეტული შემთხვევის კვლევა. მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას, ეს არის დიდი ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან გაგებით მოვეკიდოთ ყველა, ნუ გავაკეთებთ ნაადრევ დასკვნებს, დაველოდოთ მოკვლევის შედეგებს. რაც შეეხება ძრავას, ძრავა ეყენა ვერტმფრენს, ის ძრავა რაც ამ კლასის ვერტმფრენისთვის იყო განსაზღვრული, სრულად შეესაბამებოდა ექსპლუატაციის წესებს და მოთხოვნებს, ამაზე აქტიურად ზედამხედველობას უწევდა არაერთი ინსტიტუტი და კომპანია. შესაბამისად, ვერტმფრენი იყო ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობაში და ჩვეულებრივ წესების შესაბამისად ვახდენდით როგორც სამგზავრო გადაზიდვებს, ასევე არაკომერციულ გადაზიდვებს“, – აცხადებს მოლოდინაშვილი.