თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში უკვე შეფრინდა ვერტმფრენი, რომლითაც ცხედრებს გადაასვენებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მაშველების მიერ ნაპოვნი და ამოსვენებული ცხედრების გადასვენების შესახებ მედიასთან ისაუბრა და განმარტა, რომ ამ ეტაპზე ცოცხალი ძალით ცხედრების გადასვენება შეუძლებელია.

მისი თქმით, მოხდა ნაპოვნი ცხედრების ერთ ადგილზე განთავსება.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, რამდენიმე წუთის წინ ვერტმფრენი სტიქიის ეპიცენტრისკენ გაფრინდა და მოხდება ცხედრების პროზექტურაში გადასვენება.

„იცით, რომ დილის საათებში ორი ცხედრის ამოსვენება და შემდეგ უკვე გადასვენება მოხდა ქუთაისის პროზექტურაში. არაერთხელ ითქვა, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. ჩვენი მეხანძრე-მაშველების მიერ რამდენიმე ლოკაციაზე, დაახლოებით 200-300 კვ.მ რადიუსში იქნა ნაპოვნი ცხედრები, იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ცხედრების საფეხმავლოდ გამოსვენება, მოხდა ერთ ლოკაციაზე თავმოყრა. ამ წუთას შეფრინდა ვერტმფრენი, რომელიც მოახდენს ცხედრების გადმოსვენებას პროზექტურის მიმართულებით“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.