ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო, რომელიც ყაზახეთის სხვადასხვა რეგიონში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა გამოიწვია, 2022 წლის 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმიდვნის მიერ სოციალური მედიით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა ოპერატიული შტაბის სხდომა გამართა. ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ალმათიში და ქვეყნის სხვა ქალაქებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ბრძანება გასცა. პრეზიდენტის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვედანაყოფების მიერ უსაფრთხოების ფუნქციების შესრულებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის დედაქალაქში ძალოვანი სტრუქტურების ნაწილის გათავისუფლება.

გუშინ, ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება მიეცათ, ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაეხსნათ. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ ყაზახეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას არალეგიტიმური უწოდა და ბრძანების უკან გაწვევა მოითხოვა.

„ბიბისის“ რუსული ბიუროს ცნობით, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ყაზახეთის უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, ქარიმ მასიმოვი დააკავეს. უშიშროების კომიტეტის ცნობით, მასიმოვი და კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობა არ სახელდება, ორი დღის წინ გადაიყვანეს იზოლატორში. მასიმოვი თანამდებობიდან საპროტესტო აქციებისა და ალმათიში დაწყებული არეულობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ამასთან, სოციალურ მედიაში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის პრესმდივანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნურსულთან ნაზარბაევს ქვეყანა არ დაუტოვებია და ის დედაქალაქში იმყოფება. პრესმდივნის ცნობით, ის პირდაპირ კავშირზეა ყაზახეთის პრეზიდენტთან და რამდენიმე სატელეფონო ზარი განახორციელა ყაზახეთის მეგობარი სახელმწიფოების ლიდერებთან.

ყაზახეთში ვითარება ჯერ ისევ დაძაბულია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს დილიდან ქალაქ ალმათიში კვლავ ისმოდა ინტენსიური სროლები. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ ალმათიში დაკავებულია 4 000-ზე მეტი პირი.

ქვეყანაში არსებული დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ალმათიში გენერალური საკონსულოს თანამშრომლებს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების უფლება დართო.

ყაზახეთში საპროტესტო აქციები თხევადი გაზის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენებისა და საწვავზე ფასის სახელმწიფო რეგულირების დაპირების მიუხედავად, საპროტესტო გამოსვლები არ შეწყდა. დემონსტრანტებმა ხელისუფლების მთლიანად შეცვლა, პარლამენტის დაშლა და საკონსტიტუციო რეფორმა მოითხოვეს. მომიტინგეებმა რამდენიმე ქალაქში და მათ შორის ალმათიში დაიკავეს სამთავრობო შენობები. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ტერორისტები მოქმედებენ.