ყაზახეთის შსს-ს ინფორმაციით, ქვეყანაში დაკავებულია აქციების 3 811 მონაწილე, მოკლულია 26 სამოქალაქო პირი
ყაზახეთის შსს-ს ინფორმაციით, ქვეყანაში დაკავებულია აქციების 3 811 მონაწილე, მოკლულია 26 სამოქალაქო პირი

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია საპროტესტო აქციებისა და არეულობის 3 811 მონაწილე. მოკლულია 26 სამოქალაქო პირი, 18 კი, დაჭრილია.

ამასთან, როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური აღნიშნავს, ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

ცოტა ხნის წინ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დემონსტრაციებისა და არეულობის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და განაცხადა, რომ სამართალდამცველებსა და სამხედროებს უბრძანა, გაფრთხილების გარეშე გახსნან ცეცხლი. ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, ყაზახეთში ოპერაცია გრძელდება, რადგან მებრძოლებს იარაღი ჯერ არ დაუყრიათ. თოყაევის თქმით, ხელისუფლება მკვლელებთან და ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისი თქმით, საჭიროა მათი განადგურება.

ყაზახეთში საპროტესტო აქციები თხევადი გაზის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენებისა და საწვავზე ფასის სახელმწიფო რეგულირების დაპირების მიუხედავად, საპროტესტო გამოსვლები არ შეწყდა. დემონსტრანტებმა ხელისუფლების მთლიანად შეცვლა, პარლამენტის დაშლა და საკონსტიტუციო რეფორმა მოითხოვეს. მომიტინგეებმა რამდენიმე ქალაქში და მათ შორის ალმათიში დაიკავეს სამთავრობო შენობები. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ტერორისტები მოქმედებენ.