ყატარის თავდაცვის მინისტრი - ნატო-ში გაწევრიანება ყატარის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანია
ნატო-ში გაწევრიანება ყატარის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანია, – ამის შესახებ ყატარის თავდაცვის მინისტრმა ხალიდ ბინ მუჰამედ ალ-ატიიამ განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა The Business Times-ი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, ყატარი ნატო-ს „მთავარი არაწევრი მოკავშირეა“. მან აღნიშნა, რომ ყატარი შეიარაღების ხარისხის თვალსაზრისით რეგიონის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.
ალ-ატიიას თქმით, ქვეყანაში შესაძლოა, განთავსდეს ალიანსის ერთ-ერთი სპეციალიზებული ცენტრი.
„რაც შეეხება წევრობას, ჩვენ ნატო-ს ფარგლებს გარეთ მთავარი მოკავშირე ვართ. ჩვენი ამბიცია სრული წევრობაა, თუ ჩვენი პარტნიორობა ნატო-სთან განვითარდება“, – აღნიშნა ყატარის თავდაცვის მინისტრმა.
2017 წლის ივნისში საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ეგვიპტემ და ბაჰრეინმა ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. დოჰაში ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.