ყატარის თავდაცვის მინისტრი - ნატო-ში გაწევრიანება ყატარის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანია
ყატარის თავდაცვის მინისტრი - ნატო-ში გაწევრიანება ყატარის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანია

ნატო-ში გაწევრიანება ყატარის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანია, – ამის შესახებ ყატარის თავდაცვის მინისტრმა ხალიდ ბინ მუჰამედ ალ-ატიიამ განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა The Business Times-ი ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ყატარი ნატო-ს „მთავარი არაწევრი მოკავშირეა“. მან აღნიშნა, რომ ყატარი შეიარაღების ხარისხის თვალსაზრისით რეგიონის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

ალ-ატიიას თქმით, ქვეყანაში შესაძლოა, განთავსდეს ალიანსის ერთ-ერთი სპეციალიზებული ცენტრი.

„რაც შეეხება წევრობას, ჩვენ ნატო-ს ფარგლებს გარეთ მთავარი მოკავშირე ვართ. ჩვენი ამბიცია სრული წევრობაა, თუ ჩვენი პარტნიორობა ნატო-სთან განვითარდება“, – აღნიშნა ყატარის თავდაცვის მინისტრმა.

2017  წლის ივნისში საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ეგვიპტემ და ბაჰრეინმა ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. დოჰაში ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.