ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს, სანქციებს ვერ დავაწესებთ ბუნებრივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს, სანქციებს ვერ დავაწესებთ ბუნებრივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს, სანქციებს ვერ დავაწესებთ ბუნებრივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე, ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხებზე.

„ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ვისაუბრო იმ გამოწვევებზე, რომელიც განსხვავებულ სამყაროში გვამყოფებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის გადაწყობა. უკრაინამდე იყო საქართველო. 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია. დღემდე ოკუპირებულია 20-ვე პროცენტი და რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან. შესაბამისად, მათთან ერთად თანავცხოვრობთ. ეს არის მიმდინარე ოკუპაცია. მინდა, ყველას გავახსენო, რომ იმ დროს, 2008 წელს მსოფლიოში არავის საკმარისი ყურადღება არ გამოუხატავს, სიმართლე რომ ვთქვათ. სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი სახელმწიფო რუსეთის აგრესიის წინაშე აღმოჩნდა და არანაირი ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ჰქონია მსოფლიოს. არანაირი სანქციები არ დაუწესდა რუსეთს, არაფერი არ მომხდარა. ამიტომ 2014 წელს მსოფლიოს გაუკვირდა, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა. სულ ახლახან, 2022 წელს დავინახეთ სრულმასშტაბიანი შემოსევა უკრაინაში რუსეთის მხრიდან. რომ ვუპასუხო თქვენს კითხვას, სად არის საქართველო მოცემულ სიტუაციაში, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოკუპირებულია და რუსეთის ჯარებთან თანავცხოვრობთ ჩვენს ტერიტორიაზე, გახსნილად რომ ვთქვათ, საქართველო საკმაოდ მოწყვლადია ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, გვაღელვებს უსაფრთხოების საკითხი ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინას. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე – იქნება ეს გაერო, ევროკავშირი, ეუთო, ჩვენ 260 და მეტ რეზოლუციას და განაცხადს მივუერთდით, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. რა თქმა უნდა, საერთაშორისო, ფინანსური, გლობალური სისტემების წევრი ვართ და ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ამის ის არის, რომ რეაქცია იყო ადეკვატური. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით საჯაროდ, რომ ინდივიდუალურად კომპანიებს არ ექნებათ სანქციების გვერდის ავლის საშუალება. ერთ-ერთი მათგანი იყო „ვითიბი“ ბანკი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად ერთ კვირაში ვმართეთ ეს საკითხი და გადავწყვიტეთ, მაგრამ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ, ქართველები ეროვნულ, ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს ძალიან ბუნებრივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია. ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევები, ეკონომიკური გამოწვევები. ამიტომ ეს არის ჩვენი მოტივაცია.

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს. იმ საფრთხეების, იმ სისუსტეების გამო, ვერ ნახავთ ბევრ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი უწევს ოკუპაციას. მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვდგავართ, სრულ კოორდინაციაში ვიმყოფებით საერთაშორისო პარტნიორებთან, ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ერთად. ამიტომ ეს არის ჩვენი პოზიცია. მაგალითად, მოლდოვა, კიდევ ერთი ქვეყანა ასოცირებულ ტრიოში – მან არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს, ძალიან ბუნებრივი მიზეზების გამო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.