წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ „მედეას“ ტერიტორიაზე კურორტის გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა
წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ „მედეას“ ტერიტორიაზე კურორტის გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა.
საჯარო განხილვაზე მყოფ დაინტერესებულ პირებს კურორტის კონცეფცია უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა მრავალდისციპლინური საპროექტო ჯგუფის – „ბაუ დიზაინის“ სპეციალისტებმა წარუდგინეს. საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, იტალიელმა არქიტექტორმა მარკო არდიელმა გენგეგმის კონცეფციის განხილვისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ წყალტუბო იქნება ბედნიერი მოსახლეობის მწვანე ქალაქი, რომელიც მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, კომპანია „ბაუ დიზაინმა“ წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავებაზე 2020 წლის სექტემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. კომპანიამ ამ ეტაპზე წარმოადგინა წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია თანმხლები მასალებით. კერძოდ, კონცეფციის შემუშავებისთვის მოსამზადებელი კვლევები, დაზუსტებული გეგმარებითი ერთეული, კურორტის განვითარების ხედვა და სტრატეგია, სიცოცხლისუნარიანობის შეფასება და გენერალური გეგმის სკოპინგის პროცედურასთან დაკავშირებული მასალები.
საჯარო განხილვაზე გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს საპროექტო ჯგუფი განიხილავს და შესაბამისი არგუმენტებით გაითვალისწინებს კონცეფციის საბოლოო ვერსიაში.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის ავტორთა გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისგან. საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელია – მარკო არდიელი (იტალია) – არქიტექტორ/ქალაქმგეგმარებელი; საპროექტო ჯგუფში კონსულტანტად მოწვეულია – ფერუჩიო ტაზინატო (იტალია) – არქიტექტორი/კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი; ქალაქგეგმარებითი ნაწილს წარმოადგენენ – მიშა ბალიაშვილი და შპს „ბაუ დიზაინის“ სპეციალისტები; ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელია – ფრედერიკ ლე ფიშუ; ეკონომიკური ჯგუფის კონსულტანტია – დევიდ ნათი; ეკონომიკურ ნაწილს წარმოადგენს – „ვერიტას ბრაუნ კაუკასუსი/კუშმან ვაგეფილდი; გარემოს ნაწილს – „გარემოსდაცვითი სამართლის და აუდიტის ცენტრი“, ხოლო ტურიზმის ნაწილს – „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“.
გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქალაქ წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
წყალტუბოს გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს. გენგეგმა დაადგენს, თუ რა მოცულობის მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში. ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპრივატიზაციო წინადადებებს გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად მოამზადებს.