გავიღვიძებთ სულ სხვა რეალობაში, სადაც ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა გვექნება - წყალტუბოს სტადიონის განახლება ზაფხულში დასრულდება #1TVSPORT
გავიღვიძებთ სულ სხვა რეალობაში, სადაც ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა გვექნება - წყალტუბოს სტადიონის განახლება ზაფხულში დასრულდება #1TVSPORT

„სამგურალის“ პრეზიდენტმა, მიხეილ იაშვილმა წყალტუბოს სტადიონის განახლებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი განახლებული არენით და ბაზით ზაფხულისთვის ისარგებლებს.

„მოედნის დაგება იანვრის ბოლოს დასრულდა. მადლობა ქალაქის ხელმძღვანელობას, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული პროცესებში და ცდილობს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არ ჩამოგვრჩეს. ერთობლივად რამდენიმეწლიანი გეგმა გვაქვს შემუშავებული. ეტაპობრივად ვცდილობთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სტადიონისთვის საბოლოო სახის მიცემას.

იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს საფარი საფეხბურთო სკოლის მოედანზეც გამოიცვლება. წლეულს განათების გაკეთებასა და მთავარი ადმინისტრაციული შენობის აშენებაზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც ადრე არსებობდა, მაგრამ 2011 წელს მოხდა მისი დემონტაჟი და აღარ აღდგენილა.

როცა წყალტუბოს სტადიონზე ყველა სამუშაო დასრულდება და საბოლოო სახე მიეცემა, სტადიონი უეფა-ს მესამე კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ჩვენს მოედანზე საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის საშუალებაც მოგვეცემა. ეს კი წყალტუბოს რაიონში მცხოვრები ადამინებისთვის დიდი საჩუქარი იქნება.

სავარჯიშო ბაზას რაც შეეხება – ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის წყალტუბოში სავარჯიშო მოედანი კეთდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით საქართველომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ჩემპიონატი ივლისში იწყება და ამ პერიოდისთვის ქვეყანა სტუმარი გუნდების მისაღებად მზად უნდა იყოს.

სავარჯიშო მოედნის გაკეთება, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს დასრულდება. ვფიქრობ, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შევძლებთ იქ შესვლასა და ვარჯიშს. მანამდე კი 2-3 თვის განმავლობაში ზესტაფონში ვივარჯიშებთ.

შარშან, ფაქტობრივად, დასავლეთ საქართველოში სავარჯიშო სტადიონები არ იყო. აღნიშნული პროექტის მეშვეობით, საქართველო მიიღებს განახლებულ სტადიონებს და ახალ სავარჯიშო მოედნებს.

როცა საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარება გადაწყდა, ვამბობდი, რომ ჩვენ დავიძინებთ ერთ რეალობაში და გავიღვიძებთ სულ სხვაში, სადაც ჩვენ ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა გვექნება. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, თუმცა ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია“, – ამბობს მიხეილ იაშვილი.