წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქალაქეების დახმარების პროცესში მოხალისეები აქტიურად მონაწილეობენ.
56 გადამზადებული მოხალისე საკვებ პროდუქტებს ყოველდღიურად ურიგებს სათნოების სახლის ბენეფიციარებსა და 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.
ამავდროულად, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების საჭიროებების კვლევა, რათა მათ დროულად გაეწიოთ შესაბამისი დახმარება.
დღეს საკვები პროდუქტები რამდენიმე მოქალაქეს თავად მუნიციპალტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა გადასცა.
„მოხალისეების რიცხვი გაიზრდება, გრძელდება მათი რეგისტრაციის პროცესი. ისინი უკვე რამდენიმე დღეა, ემსახურებიან როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. მოხალისეები დაარეგულირებენ რიგებს ბანკებსა და სასურსათო მაღაზიებში. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ და გაეწიოთ ყველა საჭირო დახმარება“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
ამ ეტაპზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 446 სოციალურად დაუცველი და 70 წელს გადაცილებული მოქალაქე საჭიროებს დახმარებას.
მოხალისეები მიღებული რეკომენდაციების მიხედვით მათ მომსახურებასა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას განაგრძობენ.