წნორში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა
წნორში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა

წნორში, გუშინ მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 28 წლის ილიკო გურაშვილს ბრალი დაუმძიმდა.

გამოძიება მას განზრახ მკვლელობასთან ერთად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულს, კერძოდ, მოკლულის სახლის ძარცვასაც ედავება.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე სსკ-ის 108 მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 109 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

გურაშვილს თელავში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში ბრალი დღეს წარედგინა.

დაკავებულს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.

ადვოკატ გია ფარადაშვილის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს მხოლოდ მკვლელობის ნაწილში აღიარებს, ხოლო ძარცვის ფაქტს არ ეთანხმება.

გურაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

2 იანვარს, ქალაქ წნორში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს 1969 წელს დაბადებული ირინა ხაილოვა. გამოძიებით დადგინდა, რომ მას დისშვილმა თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა. ილიკო გურაშვილმა სახლიდან ფულთან ერთად ძვირფასი ნივთები წაიღო და მიიმალა. ხაილოვა კი, მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

პოლიციამ ილიკო გურაშვილი ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა.