შსს წნორში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტრო წნორში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წნორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია ერთი პირი – 1993 წელს დაბადებული ი.გ.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მიმდინარე წლის 2 იანვარს, ქალაქ წნორში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს 1969 წელს დაბადებული ი.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც გარდაცვლილის ნათესავია, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა ი.ხ.-ს, სახლიდან წაიღო ფული და ძვირფასი ნივთები და მიიმალა. ი.ხ. მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

„პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი მოკლულის დისშვილია.

დატოვე კომენტარი