წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2018 წელს წითელას გავრცელების დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. დაავადების გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. იანვარში გამოქვეყნებულ სტატისტიკაში საქართველო მე-5 პოზიციას იკავებდა.
საუბარია წითელას გამოვლენის მაჩვენებელზე ერთ მილიონ მოსახლეზე. საქართველოში 2018 წელს დაავადების 2203 შემთხვევა დაფიქსირდა (კოეფიციენტი 561.22).
საქართველოს მხოლოდ უკრაინა და სერბეთი უსწრებენ. უკრაინაში შარშან 53 218 შემთხვევა გამოვლინდა (კოეფიციენტი 1197.56), სერბეთში კი 5076 შემთხვევა (კოეფიციენტი 575.5).
2018 წელს წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ინდოეთში, უკრაინაში, პაკისტანში, ფილიპინებში, იემენში, მადაგასკარში, ბრაზილიაში, ნიგერიაში, ვენესუელასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
როგორც დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოში წითელათი ინფიცირების 2065 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უფრო მეტია, ვიდრე გასული წლის მთლიანი მონაცემი. „წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება, თუმცა ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა არ გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.