ყოფილი კლასელების დაჭრისთვის დაკავებული არასრულწლოვნისთვის ბრალის წარდგენის პროცედურას მისი ადვოკატი და მამა ესწრებოდნენ. ადვოკატი ირმა ჭკადუა არ აკონკრეტებს ბრალდების ფორმულირებას.
მისი განცხადებით, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდების ფორმულირებაზე ვერ ისაუბრებს, მათ შორის არც იმაზე, სამი არასრულწლოვნის დაჭრაზე არის თუ არა ბრალის დადგენილებაში საუბარი. გუშინ გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი 2000 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს გამოძიება სამი ყოფილი თანაკლასელის დაჭრას ედავება.
საუბარია 31 იანვრის ღამეს “წითელ ბაღში” მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, რა დროსაც სამი მეთორმეტე კლასელი დაიჭრა. ორი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, მესამეს კი მსუბუქი დაზიანება ჰქონდა.
დაკავებული მოზარდისთვის ბრალის წარდგენამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში მას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა იმის დასადგენად, თუ რა სახის დაზიანებები აქვს მას სახის არეში. როგორც ადვოკატი ამბობს, ეს მსუბუქი დაზიანებებია და შემთხვევის დღეს მიიღო მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, თუმცა ვისგან მიიღო ეს დაზიანებები, ბრალდებული არასრულწლოვანი არ ამბობს.
ბრალის წარდგენის შემდეგ, მისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს. პროცესი ადვოკატის ინფორმაციით, ხვალ გაიმართება. ადვოკატი გირაოს გამოყენებას ითხოვს, რადგან ირმა ჭკადუას განცხადებით, დაკავებული თანამშრომლობს გამოძიებასთან და ასევე დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.