Wings for Life World Run 2018-ზე კახეთში სარბენად 7 000 მონაწილე დარეგისტრირდა
Wings for Life World Run 2018-ზე კახეთში სარბენად 7 000 მონაწილე დარეგისტრირდა

მსოფლიო რბენა, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 6 მაისს, 15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეხუთედ გაიმართება.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთში სარბენად 7 000 მონაწილე დარეგისტრირდა.

Wings for Life World Run 2018-ის ორგანიზატორია კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ღონისძიება ეძღვნება 100 წლის იუბილეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. პროექტი ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ თანაორგანიზებით ხორციელდება.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობას იღებს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. მასობრივ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ნაადრევად გაიარა და კახეთს ესტუმრა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაცია პრეზიდენტ ტომაშ აიანის ხელმძღვანელობით.

დელეგაცია საქართველოში წლის საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 7 მაისს თბილისში გაიმართება.

2018 წელს საქართველოში ირბენენ: საქართველოს გამარჯვებული – გიორგი შეკრელიძე (35,43კმ), გერმანიის გამარჯვებული – სებასტიან ჰალმანი (68,47კმ), თურქეთის გამარჯვებული – ვეისი ასლანი (57,51კმ), პოლონეთის გამარჯვებული – იოაშა ზაკრჟევსკი (52,26კმ), 2016 წლის კახეთის გამარჯვებული – იანა ხმელევა (34,95კმ), 2014-2015 წლის კახეთის გამარჯვებული ანატოლი ოლეინიკოვი.

ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. გასულ წელს ყველაზე ხანდაზმული მორბენალი 94 წლის შოთა სამუშია გახლდათ.

„Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული სარბენი მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული  ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთის შემდეგ დაიძვრება, 15 კმ/ს სიჩქარით დაიწყებს მოძრაობას და მაქსიმალურ სიჩქარეს – 35 კმ/ს განავითარებს. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება. მორბენლებს უკან, სტარტზე, სპეციალური ავტობუსებით დააბრუნებენ. წელს „ფინიშის მანქანის“ საჭესთან ავტომრბოლელი დათა ქაჯაია იქნება.

დარეგისტრირებული მონაწილეები ინდივიდუალურ სანომრე ნიშნებს მაისურებზე დაიმაგრებენ. რბენის შედეგები ავსტრიის ქალაქ ზალცბურგიდან გაკონტროლდება. ყოველ მეხუთე კილომეტრზე მორბენლებს გამაგრილებელი სასმელი და ხილი დახვდებათ.

მსოფლიო რბენის ორი გამარჯვებული – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2019 წელს თავად აირჩევენ, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ირბენენ. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად მიიღებენ რბენაში მოსამზადებელ სპეციალურ ოთხკვირიან კურსს.

მონაწილეების რეგისტრაცია 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და 3 მაისამდე მიმდინარეობდა ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com. საქართველოში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარი იყო. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი შეგროვებული თანხის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით  უზრუნველყოფს.

ღონისძიების ფეისბუქის გვერდია: Wings for Life World Run 2018-Kakheti, Georgia

მსოფლიო რბენაში მონაწილეების აქტიური ჩართულობა და ყოველ წელს ღონისძიების პოპულარობის გაზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩების დამსახურებაც არის“, – აცხადებენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან ცნობილი სპორტსმენები: სეულის ოლიმპიადის პრიზიორი სირბილში მაია აზარაშვილი (ამავდროულად ღონისძიების სპორტული დირექტორი), კალათბურთელი რეზი როგავა, რიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი ვარლამ ლიპარტელიანი, ოლიმპიური ჩემპიონები: მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, მრბოლელები მევლუდ მელაძე და დათა ქაჯაია, მოთხილამურე ივა წიკლაური, მორაგბე ვასილ ლობჟანიძე, პარაოლიმპიელი ირმა ხეცურიანი, მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი, მოყვარული მორბენალი გიგა ძულიაშვილი და თამარ გელაშვილი. გარდა სპორტსმენებისა, კეთილი ნების ელჩები არიან: ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, მუსიკოსები ელენე კალანდაძე და აჩიკო გულედანი, ტელეწამყვანები: მარიამ ვაშაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ირაკლი კაკაბაძე, ცნობილი სახეები: ირაკლი გაფრინდაშვილი, ნიკა გრიგოლია, ქეთი ხატიაშვილი, ნინუცა მაყაშვილი, მირიან ჯეჯელავა, მერაბ დუკაშვილი, ფიტნეს ინსტრუქტორი ნინო გოგუაძე; ფოტოგრაფი მარი ნაკანი, ფეხბურთელი ნათია სხირტლაზე და ა.შ.
კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2017 წლის მსოფლიო რბენის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტსაც ავრცელებს:

▶ 2017 წელს რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 5000 ადამიანი დარეგისტრირდა. მონაწილეთა ლიმიტის ამოწურვის გამო, რეგისტრაცია ექვსი დღით ადრე შეწყდა.
▶ 2017 წელს საქართველოში ირბინა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანმა მონაწილემ  94 წლის შოთა სამუშიამ.
▶ 2017 წელს მსოფლიო რბენაში 6 კონტინენტის 58 ქვეყანის 110 ლოკაციდან  ასი ათასზე მეტი მორბენალი ჩაერთო. მათ ჯამში 1431183 კილომეტრი დაფარეს
▶ 2017 წლის მსოფლიო რბენის ლოკალური გამარჯვებულები ნინო მიქაძე (29 კმ) და გიორგი შეკრელიძე (35,43კმ) გახდნენ.
▶ გასული წლის გლობალური გამარჯვებული არონ ანდერსონი გახდა, მან ეტლით 92,14 კმ დაფარა.  ქალი გამარჯვებული კი, დომინიკა სტელმახი გახდა (68,21კმ).

Wings  for Life World Run-ის მედიაპარტნიორია პირველი არხი. მარათონში მსოფლიო ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანების დასახმარებლად, პირველი არხის გუნდი ჩაერთვება.

პირველი არხი მარათონში ჩართულ ყველა მონაწილეს აძლევს შანსს, „ფოტოლაივის“ საშუალებით რბენის შედეგი საზოგადოებას გაუზიაროს. დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.