მსოფლიო რბენა Wings for Life World Run წელს აპლიკაციით ჩატარდა და მასში 184 236 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა [ფოტო]
მსოფლიო რბენა Wings for Life World Run წელს აპლიკაციით ჩატარდა და მასში 184 236 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა [ფოტო]

მსოფლიო ისტორიაში აქამდე არც ერთ სპორტულ ღონისძიებას არ ჰყოლია ამდენი მონაწილე. 184 236 მონაწილე 195 ქვეყნიდან ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების მიზნით გაერთიანდა, – ამის შესახებ მსოფლიო რბენა Wings for Life World Run-ის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ​რბენის რეგისტრაციის საფასურითა და ცალკეული შემოწირულობებით ზურგის ტვინის დაზიანების განსაკურნებლად ჯამში 4 100 000 ევრო შეგროვდა. ნინა ზარინამ (ამერიკა) 60,2 კმ-ით მესამე მსოფლიო გამარჯვება (2019, 2020) მოიპოვა. მესამე მსოფლიო გამარჯვება იყო აარონ ანდერსონისთვისაც, 2017 და 2018 წლის გამარჯვებულმა წელს ეტლით 68,8 კმ დაფარა.

მორბენლებსა და ეტლით მოსარგებლეებს ფინიშის მანქანის დაწევამდე საშუალოდ 12,3 კმ ჰქონდათ დაფარული.

„მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს ირბინა, იარა თუ ეტლით მიიღო მონაწილეობა ჩვენ მხარდამხარ. ზურგის ტვინის დაზიანების კვლევისთვის ჩვენ ერთად ძალიან დიდი თანხა მოვაგროვეთ. ეს თანხა მოხმარდება კვლევებს, რათა ძალიან მალე ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს“, – განაცხადა არაკომერციული ფონდის, Wings for Life-ის დამფუძნებელმა, ანიტა გერჰარდტერმა.

მერვე Wings for Life World Run სანახაობრივი გამოდგა, მონაწილეები მარტო თუ გუნდთან ერთად განსხვავებულ პირობებსა და გარემოში დარბოდნენ. საქართველოში მონაწილეებს სირბილი წვიმასა და ქარში მოუწიათ. ლისისა და კუს ტბის მიდამოებში, დინამო არენაზე, რუსთავში, ბათუმის ბულვარში – სოლო თუ გუნდური გარბენით საქართველოს მონაწილეები გლობალურ გარბენს შეუერთდნენ.

მონაწილეებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სირბილი ზუსტად ერთსა და იმავე დროს დაიწყეს. მორბენლები და ეტლით მოსარგებლეები ერთმანეთთან ვირტუალურად, Wings for LifeWorld Run-ის აპლიკაციით იყვნენ დაკავშირებულნი. ამას გარდა, მორბენალთა სულისკვეთებას ფინიშის მანქანის მძღოლის შთამაგონებელი შეძახილები და შეტყობინებები ზრდიდა, რომელიც რბენაში მონაწილეთა სტარტის შემდეგ 30 წუთში ჩაერთო, როგორც ფინიშის მოძრავი ხაზი. როგორც რბენის ორგანიზატორები აცხადებენ, აპლიკაციის დახმარებით მონაწილეებს საშუალება მიეცათ, კვლავ განეცადათ ყოველწლიურ მოვლენაში მონაწილეობის დავიწყებული შეგრძნება.

„თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დამწყები მორბენლებით დაწყებული, გამოცდილი ულტრამორბენლებით დამთავრებული, Wings for Life World Run-ის სასტარტო ხაზი მრავალფეროვნად წარმოგვიდგა. Wings for Life მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო: შეჯიბრის უნიკალური ფორმატი სრულიად განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მორბენლებსა და ეტლით მოსარგებლეებს საშუალებას აძლევს, საერთო მიზნისთვის გაერთიანდნენ“, – აღნიშნულია რბენის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გლობალურ საქველმოქმედო გარბენში 2014 წლიდან მოყოლებული ჯამში 925,096 მონაწილემ 9,034,954 კილომეტრი გაირბინა, რითაც 33 330 000 ევრო შეგროვდა. რეგისტრაციის საფასურისა და ცალკეული შემოწირულობებიდან შემოსული თანხის 100 პროცენტი ზურგის ტვინის დაზიანების კვლევას მოხმარდა.

„ჩემთვის, ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანისთვის, ძალიან ამაღელვებელია, რომ 180 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინდომა, დახმარებოდა ფონდს ზურგის ტვინის დაზიანების განსაკურნებლად. ეს ღონისძიება ძალიან მაბედნიერებს და მიხარია, რომ მისი ნაწილი ვარ. დიდი მადლობა ყველა სხვა მონაწილეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ“, – განაცხადა მსოფლიო რბენის 2017, 2018 და 2021 წლების გამარჯვებულმა, აარონ ანდერსონმა.

მეცხრე Wings for LifeWorld Run-ის თარიღი უკვე ცნობილია. შემდეგი რბენა 2022 წლის 8 მაისს გაიმართება, ხოლო შეჯიბრზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.

დატოვე კომენტარი