წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალის განთავსების საკითხის მოწესრიგების მიზნით, პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყება
წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალის განთავსების საკითხის მოწესრიგების მიზნით, პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყება

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის შემცველი სააგიტაციო მასალის განთავსების პრევენციასთან დაკავშირებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ორგანული კანონის პროექტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვა დაიწყება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილება ითვალისწინებს სტაბილური ტერიტორიული განთავსების ტექნიკური საშუალების (მაგალითად – სტენდის, შენობა-ნაგებობის ფასადის, სხვა უძრავი ნივთის/კონსტრუქციის) გამოყენებით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ფარგლებში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებით ისეთი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელების აკრძალვას, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. ორგანული კანონის პროექტით ზუსტდება ტერმინ-სააგიტაციო მასალის განმარტება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თანხმად, იკრძალება ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.

ბიურომ საკანონმდებლო პაკეტზე წამყვან კომიტეტად იურდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრა. კანონპროექტების ინიციატორთა მოთხოვნა იყო, რომ საკანომდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განხილულიყო და ახალი რეგულაციები შეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. თუმცა, ბიურომ მსჯელობის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტების განხილვა წარიმართოს ჩვეულებრივ ვადებში,  როგორც ეს რეგლამენტით არის განსაზღვრული. აღნიშნული მოსაზრება გაიზიარეს კანონპროექტების ინიციატორებმაც.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, შალვა პაპუაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გურამ მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და ირაკლი ბერაია.