შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლების წარმომადგენელთა პოსტებზე, დისკრედიტაციის მიზნით, ხშირია ტროლების, ბოტების მობილიზება, პირველადი დაკვირვებით აღმოჩენილია 1 200-ზე მეტი არაავთენტური  ანგარიში
შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლების წარმომადგენელთა პოსტებზე, დისკრედიტაციის მიზნით, ხშირია ტროლების, ბოტების მობილიზება, პირველადი დაკვირვებით აღმოჩენილია 1 200-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში წარმოებული სოციალური მედიის მონიტორინგის პროცესის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოციალურ მედიაში ყალბი გვერდებისა და ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების აქტიურობა, ხშირ შემთხვევაში, შინაარსობრივად იდენტურია და კოორდინირებული ქცევით გამოირჩევა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების პოსტებზე, მათი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირია ტროლებისა და ბოტების მობილიზების შემთხვევები.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პირველადი დაკვირვების შედეგად, აღმოჩენილია 1 200-ზე მეტი არაავთენტური ტიპის ანგარიში.

„ქართული ოცნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის ჯგუფი აწარმოებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგს. მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენენ სოციალურ მედიაში არსებული პარტია „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის გამიზნული არაავთენტური რესურსები. ანგარიშში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ გვერდებს, რომლებიც, თავისი ქცევიდან გამომდინარე, ზიზღის ენის გამოყენებით და დეზინფორმაციის გავრცელებით, ახდენენ „ქართული ოცნების“ და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაციას, ცდილობენ ამომრჩეველთა განწყობებზე ზემოქმედებას და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას. იგივე სახის კვლევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლენილი არაავთენტური გვერდების შესახებ ეცნობა „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას. ისევე, როგორც 2020 წელს, ახლაც, მთლიანი კვლევა, რომელიც თითქმის 150 გვერდს მოიცავს, გაეგზავნება „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას, ისევე, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. მონიტორინგის პროცესის შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები: სოციალურ მედიაში ყალბი გვერდებისა და ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების აქტიურობა, ხშირ შემთხვევაში, შინაარსობრივად იდენტურია და კოორდინირებული ქცევით გამოირჩევა. ხელისუფლების წარმომადგენლების პოსტებზე, მათი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირია ტროლებისა და ბოტების მობილიზების შემთხვევები. პირველადი დაკვირვების შედეგად, აღმოჩენილია 1 200-ზე მეტი არაავთენტური ტიპის ანგარიში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების, მათთან აფილირებული ავთენტური და ყალბი რესურსების დისკრედიტაციისთვის გამიზნულ და ზიზღის ენის შემცველ ქცევას, ძირითადად სამი მიმართულება აქვს – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლების განწყობაზე ზემოქმედებას. ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაცია. „კოვიდ-19“-ის პანდემიის თემით მანიპულირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე შესაბამისი პრეზენტაციაც წარადგინა.