კახა კალაძე - შემუშავდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების საკითხებს დაარეგულირებს
კახა კალაძე - შემუშავდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების საკითხებს დაარეგულირებს

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი ბინადარ ცხოველთა შესახებ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონმდებლობის დისკრედიტაციის მიზნით, არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გავრცელდა.

„შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს კი ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს. მუნიციპალიტეტებს, რასაკვირველია, პირდაპირ გვეხება ეს საკითხი, რადგან ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევა გვაქვს. საგრძნობლად გავზარდეთ სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, მაგრამ დახარჯული ძალისხმევა ვერ ეწევა უკონტროლოდ გამრავლებული და მიუსაფარი ცხოველების რიცხვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მიუსაფარი ცხოველების საკითხის გადაჭრას ჰუმანური და ეფექტური გზებით გეგმავს.

„კიდევ უფრო გაიზრდება სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და თავშესაფრის გამტარუნარიანობა. ამ მიმართულებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება.

„პოპულაციების მართვის ცენტრის მშენებლობის შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა. შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების სისტემით. ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შეისყიდა მობილური ვეტკლინიკა, სამომავლოდ კი არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია იგეგმება.

„მობილური ვეტკლინიკა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. მიმდინარე წელს, ასევე, იგეგმება არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია. ცხოველების შიდა და გარე ვოლიერები, ლაბორატორიისა და საოპერაციო ბლოკი განახლდება და თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობებით აღიჭურვება. თავშესაფარი დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც აღიარებულია ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება თითოეულ გამოძახებაზე და დამატებით გამოვყოთ ჯგუფები ქალაქში მონიტორინგისთვის. ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თავშესაფრის გამტარუნარიანობას და, შესაბამისად, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.